ფულის ისტორია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
იდეა ღირებულების საზომი ერთეულების შექმნის შესახებ ადამიანებს უძველეს დროში გაუჩნდათ. იდეის განსახორციელებლად შემოიღეს ღირებულების საზომი ერთეული რომელსაც უწოდეს ფული. ფულმა ათასწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი სახეცვლილებები განიცადა და რაღა თქმა უნდა მისი დღევანდელი სახე აბსოლუტურად განსხვავდება პირველი ფულის პროტოტიპისაგან.
ფულის წარმოშობა
რედაქტირებაფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია.
თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ ნატურალური გაცვლა. ადამიანების პირველყოფილი საქმიანობის – ნადირობისა და შემგროვებლობის, უფრო ეფექტური საქმიანობით ჩანაცვლებამ განაპირობა გაცვლის საჭიროება ერთი საქონლისა მეორეზე, რომელიც დღემდე "ბარტერის" სახელით შემოინახა.
გასაცვლელი საქონლის სახეობების ზრდამ. მისმა მალფუჭებადობამ და დროითმა დანაკარგებმა განაპირობეს ნატურალური გაცვლითი ოპერაციების გართულება. კომპანიონის მოსაძებნად, რომელსაც ხელს აძლევდა შემოთავაზებული საქონლის თავისაში გაცვლა, იკარგებოდა დიდი დრო. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ადამიანებს ვეღარ აკმაყოფილებდათ საქონლის ნატურალური გაცვლა ანუ ბარტერი და გადაწყვიტეს მოეფიქრებინათ ისეთი უნივერსალური გადახდის საშუალება, რომლის სანაცვლოდაც შესაძლებელი იქნებოდა მიეღოთ ნებისმიერი სახის საქონელი და მომსახურება.
მოიფიქრეს და განახორციელეს კიდეც. ეს საშუალება იყო – ფული (ლათ. follis - ჩახვი, ანუ მცირე ტუნკია, ტომსიკა, ტომარა, რომელში ინახებოდა 40 ცაკი სპილენძის მონეტა ნუმი).
სასაქონლო ფული
რედაქტირებაფულის ლათინური დასახელება pecunia მოდის სიტყვა pecus-იდან, რაც ნიშნავს ნახირს. მაშინ, როცა თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე ძვ.წ. 1000 წელს ფულის ერთეული იყო ხვასტაგი (ძროხა), ჩრდილოელი ხალხისთვის ამ ფუნქციას ირემი ასრულებდა. სხვადასხვა ერები სხვადასხვა ეპოქაში აღიარებდნენ ფულის ერთეულად ისეთ განსხვავებულ საგნებს, როგორებიცაა მაგ: სპილოს შუანი, სპეკალი, ცხოველის ბეწვი, ოპიუმი, კაკაო, მარგალიტები და ა.შ. განსაკუთრებით ცნობილია აგრეთვე ნიჟარები,ბევრისთვის კი ღირებულებისა და გადახდის საზომი იყო მონა. მაგრამ ასეთ ფულს ჰქონდა უამრავი მინუსი. შეუძლებელი იყო ბევრი მათგანის დაყოფა (მაგ:ძროხის) და გადაზიდვა (მაგ:ქვების). სიმძიმისა და მალფუჭებადობის გამო ვერ ხერხდებოდა მათი რამდენიმეჯერ გამოყენება. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც ის იყო, რომ ასეთი ფულის მოპოვება და შენახვა დიდ დროით და ფიზიკურ დანახარჯებს საჭიროებდა. ამიტომ კაცობრიობამ გამოიჩინა საღი აზრი და გამოიგონა უფრო მეტად კონვერტირებადი, უფრო იოლად გადაზიდვადი და უფრო ხანგრძლივად მოხმარებადი გაცვლის საშუალება – ვიდრე ნატურალური ფული – მონეტები.
მონეტები
რედაქტირებაითვლება, რომ ყველაზე პირველად მონეტები გამოჩნდნენ ჩინეთსა და ძველი ლიდიის სამეფოში ძვ.წ VII საუკუნეში. დაახლოებით 500 წელს კი, ჩვენს ერამდე, სპარსეთის მეფე დარიავახუშმა ("დარიოსმა") მოახდინა "ეკონომიკური რევოლუცია" თავის სახელმწიფოში, შემოიღო რა მონეტები ოფიციალურ გაცვლის ერთეულად და ჩაანაცვლა ამით ბარტერი. მონეტები სწრაფად გავრცელდა მეზობელ, ბარბაროსულ ტომებში, მოგვიანებით კი – უფრო შორსა და შორს. იმ დროისთვის მონეტების ბეჭვდის სახსრები და შესაძლებლობები მხოლოდ მდიდარ მიწათმფლობელებსა და მონასტრებს ჰქონდათ. თავიდან მონეტები მხოლოდ ოქროსი, ვერცხლის ან მათი შენადნობის იყო.
მაგრამ მალე ძვირფასი ლითონების სიმცირემ განაპირობა მონეტების სპილენძისა და ბრინჯაოსაგან გამოჭედვა. მათ არ გააჩნდათ "შინაგანი" ფასეულობა, განსხვავებით ძვირფასი ლითონებისაგან, არამედ მათზე დატანილი იყო ღირებულების აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნები.
თითქმის ყველა მონეტაზე გაარჩევდით წინა მხარეს – ავერსს და უკანა მხარეს – რევერსს. ყოველი ეპოქა გარკვეულ ნაკვალევს ტოვებდა მონეტების გამოსახულებაზე. უძველეს მონეტებზე შეამჩნევდით მხოლოდ უბრალო ჩაღრმავებებს. ჩვენს ერამდე V საუკუნიდან კი მონეტებზე გამოჩნდა ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები და ასოები (ასოებით გამოსახავდნენ ქალაქების ინიციალებს, სადაც იბეჭდებოდნენ ისინი). ხოლო ზემოთნახსენებმა დარიოსმა, პირველად ისტორიაში, ოქროს მონეტებზე თავისი სახე გამოაჭედვინა. ამის შემდეგ კი მონეტებზე სახავდნენ დიდებულების, გმირების, ისტორიული მოვლენების და ბევრ საინტერესო ფაქტებს.
მონეტები ხურდა ფულის სახით დღესაც აქტიურად გამოიყენება სავაჭრო–საფინანსო სისტემაში.
ბანკნოტები
რედაქტირებაპირველი ქაღალდის ფულის პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში. დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები დიდ თანხებს მოითხოვდნენ, ამიტომ იმპერატორმა დააბეჭვდინა მაღალი ხარისხის ქაღალდი, რომელზეც დატანილი ნიშნებით იგი 10000 სპილენძის მონეტის მაგივრობას სწევდა. ხოლო მასიურად ბანკნოტების ბეჭდვა დაიწყო 1024 წელს, რადგანაც ომის დასაფინანსებლად დიდი სახსრები იყო საჭირო. ამას მონეტები ვერ უზრუნველყოფდნენ, მათი სიმცირისა და ძნელად ტრანსპორტირებადობის გამო. მარკო პოლო წერდა, რომ: ქაღალდის ფულის გამოშვება - ეს ახალი შესაძლებლობაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ასე დიდი ხანი მიისწრაფვოდენენ ალქიმიკოსები. ამ მოსაზრების საბაბი მიუცია 1276 წელს ჩინეთში მოგზაურობისას შეხვედრილ იმპერატორულ ბანკნოტებს, რომლებიც გამოიყენებოდა, როგორც საყოველთაო გადახდის საშუალება. ჩინგიზ-ხანის მართველობა ამ კუპიურებს თავისუფლად ცვლიდა ოქროზე.
ევროპაში ბანკნოტები შედარებით გვიან გამოჩნდნენ. 1661 წელს სტოკჰოლმის, კერძო, საემისიო ბანკმა დაბეჭდა პირველი ოფიციალური ბანკნოტები ევროპაში. იქამდე კი ევროპელები იყენებდნენ - ვექსელს. ეს არის მოკლე ან გრძელვადიანი ხელშეკრულება ორ მხარეს შორის, რომელიც მის(ვექსელის) გამცემს ავალდებულებს დათქმულ დროს წინასწარ შეთანხმებული თანხის გადახდას.
აღსანიშნავია ასევე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბანკნოტებს პერიოდულად უშვებდნენ და შემდეგ იღებდნენ სავალუტო სისტემიდან. მიზეზი ამისა იყო ის, რომ, როცა მთავრობას ფული სჭირდებოდა, დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ფასიან ქაღალდებს, რაც მოკლე ხანში იწვევდა ჰიპერინფლაციას და იძულებულნი ხდებოდნენ კვლავ მეტალს დაბრუნებოდნენ.
1945 წელს მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად და საერთაშორისო ეკონომიკური სისტემისთვის სტიმულის მისაცემად, ბრეტონ-ვუდსში შეიქმნა ე.წ. ბრეტონ-ვუდსის სისტემა, რომელმაც გამოიწვია საერთაშორისო სავაჭრო და საგადასახადო სისტემაში, ამერიკული დოლარის ‘’გაბატონება”. სადაც 1914 წლამდე ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს (pound) ლიდერის პოზიცია ეკავა,
1971 წლამდე ბანკნოტების მფლობელებს ჰქონდათ უფლება, ქაღალდის ფული ნებისმიერ დროს გადაეცვალათ ბანკში ოქროზე საბაზრო ფასის შესაბამისად (ოქროს სტანდარტი). ეს გულისხმობდა, რომ ბანკის საცავში იმდენი ოქრო უნდა ყოფილიყო შენახული, რა ღირებულების კუპიურებიც ჰქონდა მას ემისირებული. 1971 წელს კი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკნოტებმა ეს უფლება დაკარგეს. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს პროცესი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელა. იქიდან მოყოლებული დღემდე ქაღალდის ფული არც ერთ ლითონზე არაა მიმაგრებული და თავისუფლად იხმარება მსოფლიო სავალუტო სისტემაში.