ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი

ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი (გერმ. Frankfurter Literatursalon EUTERPE) — ქალაქ ფრანკფურტში მოქმედი ქართული ლიტერატურის სალონი, რომელიც დაარსდა 2010 წელს ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის მიერ. სალონი გერმანულად თარგმნის და გერმანიაში გამოსცემს კლასიკურ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, 2010 წლიდან მონაწილეობს ფრანკფურტისა და ლაიფციგის წიგნის ფესტივალებში.[1]

2009 წლის 20-25 მაისს ქართული კულტურის ფორუმის კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა „ქართული ლიტერატურის კვირეული“, რომელშიც მონაწილეობდნენ ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი და ბასა ჯანიკაშვილი. ლიტერატურულ საღამოებზე, რომელიც გაიმართა ფრანკფურტის რომანის ფაბრიკაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტსა და წიგნების მაღაზიაში „Bücher vor Ort“, გერმანულად წაიკითხეს ფრაგმენტები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან „აბსურდისტანი“ (ბასა ჯანიკაშვილი), „ჯინსების თაობა“ (დათო ტურაშვილი), „ლიტერატურული ექსპრესი“ (ლაშა ბუღაძე) და რატი ამაღლობელის რამდენიმე ლექსი.

2010 წლიდან ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი თითქმის ყოველთვიურად მართავს ფრანკფურტში ლიტერატურულ საღამოებს და ცნობილია სახელით „ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი ევტერპე“. 2010 წლიდან სალონს 40-ზე მეტი ლიტერატურული საღამო აქვს ჩატარებული გერმანიაში, შვეიცარიასა და საქართველოში.[2]

ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი ძირითადად ფრანკფურტში მოღვაწეობს, თუმცა ლიტერატურულ საღამოებს ატარებს გერმანიისა და შვეიცარიის მასშტაბით. სალონი თანამშრომლობს საქართველოში გერმანიის ფედერაციური რესპუბლიკის საელჩოსთან და 2012 წლიდან მონაწილეობს გერმანიის კულტურის დღეებში, რომელიც ყოველწლიურად იმართება თბილისში. 2011 წლიდან სალონი ასევე თანამშრომლობს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმთან, 2013 წლიდან კი საქართველოს მწერალთა სახლთან. სალონი ატარებს ქართული ლიტერატურის საღამოებს გერმანულად და ქართულად.[2]

ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი თარგმნის ქართველ და კავკასიელ ხალხთა ლიტერატურას გერმანულად და ატარებს ლიტერატურულ საღამოებს მწერლებისა და ლიტერატურათმცოდნეების მონაწილეობით. ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი ლიტერატურულ საღამოებს ძირითადად ოთხ ფორმატში მართავს: საავტორო საღამო, წიგნის პრეზენტაცია, პოდიუმ-დისკუსია და ლიტერატურული კითხვა. ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი აქტიურად თანამშრომლობს ფრანკფურტის ლიტერატურულ სახლთან „რომანის ფაბრიკა“ და რეგულარულად, თვის მეორე ხუთშაბათს აწყობს ლიტერატურულ საღამოებს ფრანკფურტში. 2011 წლიდან ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის ღონისძიებები შეტანილია ქალაქ ფრანკფურტის კულტურული ცხოვრების პროგრამაში.[2]

ქართული ლიტერატურის გერმანულად თარგმანის ხელშეწყობისა და მთარგმნელთა მოტივაციის მიზნით 2011 წელს მანანა თანდაშვილმა სალონთან დააარსა მთარგმნელთა და ლიტერატურულ ლექტორთა ასოციაცია.[2]

ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი აქტიურად მონაწილეობს წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე ფრანკფურტსა და ლაიფციგში. ლიტერატურული სალონის მიერ გამოცემული გერმანული თარგმანების მთავარი რედაქტორი არის გერმანელი ქართველოლოგი იოსტ გიპერტი.[3]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Georgische Gegenwartsliteratur, Reichert Verlag, Wiesbaden, 2010
  • Techno der Jaguare, Frankfurter Verlagsanstalt, Frankfurt a/M, 2012
  • Der Geschmack von Asche – Erzählband von Beso Chwedelidze, Literaturverlag Leipzig, 2013

სქოლიო რედაქტირება