ფოტოაპარატი
ფოტოაპარატი, ფოტოკამერა — შუქმგრძნობიარე შრეზე ან ელექტრონულ სენსორზე, ფოტოგრაფირებული ობიექტის ვიზუალურ გამოსახულებათა მისაღები ოპტიკურ-მექანიკური მოწყობილობა.
დანიშნულების მიხედვით ფოტოაპარატი არის პროფესიონალური, ნახევრადპროფესიონალური, მოყვარულთა და სპეციალური. პროფესიონალურ, ნახევრადპროფესიონალურ და მოყვარულთა ფოტოაპარატებს იყენებენ ადამიანთა ჯგუფის, პორტრეტისა და პეიზაჟის გადასაღებად, სპეციალურ ფოტოაპარატებს კი — ფოტოტექნიკური სამუშაოებისათვის, აეროფოტოგადაღების, მიკროგადაღებისა და გადაღების სხვა სპეციალური სახეობებისათვის. მიღებულ გამოსახულებათა ზომების (კადრის ფორმატის) მიხედვით ფოტოკამერები არის მინიატურული (13X17 მმ), ნახევარფორმატიანი (18X24 მმ), მცირეფორმატიანი (28X28 და 24X36 მმ), საშუალოფორმატიანი (45X60-დან და 60X90 მმ) და ფართოფორმატიანი (90X120 მმ და მეტი). ფოტოაპარატის შედგება ძირითადი და დამხმარე ნაწილებისაგან. ძირითადია: შუქშეუღწევადი კამერა, ღიობი სინათლის შესასვლელად, შუქმგრძნობიარე ზედაპირი, ხედის მაძიებელი, ფოტოგრაფიული საკეტი.
-
მინიატურული ფოტოაპარატი „Киев-30“. კადრის ფორმატი 13X17 მმ
-
ნახევარფორმატიანი ფოტოაპარატი „Чайка-2М“. კადრის ფორმატი 18X24 მმ
-
მცირეფორმატიანი ფოტოაპარატი „Pentacon“. კადრის ფორმატი 24X36 მმ
-
საშუალოფორმატიანი ფოტოაპარატი „Салют-С“. კადრის ფორმატი 60X60 მმ
-
ფართოფორმატიანი ფოტოაპარატი „ФКД 18×24“. კადრის ფორმატი 180X240 მმ
- შუქშეუღწევადი კამერა — წარმოადგენს კორპუს-საფუძველს, რომელზეც და რომელშიც როგორც წესი დამონტაჟებულია ფოტოაპარატის ყველა შემადგენელი ნაწილი. მიუხედავად ფოტოაპარატის მოდიფიკაციისა, შუქშეუღწევადი კამერის პირველადი ფუნქციაა სინალის ნებისმიერის წყაროს აპარატში შეღწევის შეზღუდვა.
- სინათლის გამტარი არხი — წარმოადგენს შუქშეუღწევად კამერაში, სინათლის ნაკადის შესასვლელად გამოყოფილ როგორც წესი ერთ ადგილს. ფოტოაპარატში სინათლის შესასვლელად შეიძლება იდგეს ან ქინძისთავის ოდენა მცირე ხვრელი პინჰოლის კამერისათვის (კამერა-ობსკურის ეფექტის შესაქმნელად) ან ოპტიკური ობიექტივი სინათლის სხივების ნაკადების სარეგულირებლად.
- შუქმგრძნობიარე ზედაპირი — წარმოადგენს გადასაღები ობიქტივიდან შეუქცევად კამერაში სინათლის გამტარის არხით შემოსული გამოსახულების მიმღებს, რომელზეც სინათლის ფოტონების ზემოქმედებით მასზე აისახება გამოსახულება. შუქმგრძნობიარე შრეში (როგორც წესი გადასმულია ფირფიტაზე ან ფირზე და ჩატვირთულია კასეტში, რომელიც ასევე შუქშეუღწევი გარსაცმია) ფოტოქიმიური პროცესების შედეგად ხდება ობიექტის გამოსახულების დატანა, ხოლო ციფრული მატრიცის შემთხვევაში მასზე არსებული ფოტოელემენტებით ხდება ელექტროიმპულსებად გარდაქმნა.
- ხედის მაძიებელი — დანიშნულებაა გადაღების ობიექტების კადრზე ასახული სივრცის საზღვრების მონიშვნა და გადაღების წერტილის შერჩევა.
- ფოტოგრაფიული საკეტი — უზრუნველყოფს სინათლის სხივების გატარებას შუქმგრძნობიარე ზედაპირისაკენ დროის მოცემულ მონაკვეთში, რომელსაც დაყოვნებას უწოდებენ. არსებობს დაყოვნების მექანიკური და ავტომატური ფოტოგრაფიული საკეტი.
ფირიან აპარატებს ციფრული აპარატებისაგან განსხვავებით შუქშეუღწევადი კამერაზე ჰქონდათ: ფოტოფირის გადასახვევი მექანიზმი, კადრების მრიცხველი, ავტოსასხლეტი, სინქროკონტაქტორი, ექსპონომეტრი და სხვა.
ისტორია
რედაქტირებანებისმიერი ფოტოგადაღება დაკავშირებულია სინათლის სხივთან, იქნება ეს ფოტოგრაფილული ლინზის გამოყენებით მიღებული თუ ლინზის გარეშე. ფოტოგრაფია დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა აღმოაჩინა, რომ დახურულ სივრცეში ორ საპირისპირო ზედაპირს შორის თუ ერთერთზე გაიხსნებოდა სარქველი, მაშინ გარედან შემოსული სინათლე, საპირისპირო ზედაპირზე გამოსახავდა გარედან შემოსული გამოსახულების ამოტრიალებულ მაგრამ ზუსტად იგივე გამოსახულებას. შემდგომ, ადამიანმა ისწავლა ამ ტექნიკის მოთოკვა და დაიწყო მისი მცირე ყუთებში გამოყენება. ასე გაჩნდა პირველი ფოტოკამერა რომელსაც კამერა-ობსკურა დაერქვა. მოყვარული ფოტოგრაფები დღესაც მისდევენ ფოტოგრაფიული ობიექტივის გარეშე ფოტოგადაღებას. ეს აპარატი პინჰოლის (ინგლ. Pinhole) სახელითაა ცნობილი.
-
ძველი ჩანახატი კამერა-ობსკურაზე
-
კამერა-ობსკურას ოპტიკური პროცესი
-
კამერა-ობსკურას ეფექტი კედელზე
-
ფირიანი (35 მმ) პინჰოლის კამერა
ზემოთ ჩამოთვლილი ფოტოკამერების გარდა აბსოლუტურად ყველა აპარატი დღესდღეობით სინათლის სხივის გარდასატეხად ფოტოგრაფიულ ობიექტივს იყენებს. ფოტოგრაფიული ობიექტივი წარმოადგენს რამდენიმე ლინზის ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც აღმოფხვრილია ლინზის ოპტიკური ხარვეზები და შუქმგრძნობიარე ბრტყელ ზედაპირზე სუფთა გამოსახულების დაიტანება.
ფოტოპროცესები სხვადასხვაა ქიმიურზედაპირიან და სენსორულზედაპირიან კამერებში. მართალია ორივე ზედაპირს სინათლის სხივი ამუშავებს, მაგრამ ხარისხის სხვაობა მდგომარეობს იმაში რომ ქიმიური პროცესების დროს, სინათლის სხივის უმცირესი ნაწილი ფოტონი ახდენს ზემოქმედებას ქიმიურად დამუშავებული ზედაპირის თითოეულ შუქმგრძნობიარე ვერცხლის ჰალოგენიდებზე, ხოლო ციფრულ ფოტოკამერებში კი სინათლის სხივი ააქტიურებს ელექტრონულ სენსორზე სპეციალურად განლაგებულ უმცირეს ფოტოელემენტებს, გარდაქმნის ელექტრონულ იმპულსებად და გზავნის ციფრული ფოტოკამერის პროცესორთან. მიღებული ფოტოს ხარისხი ამ ორი განსხვავებული ტიპის ფოაპარატით განსხვავებულია და იგი დამოკიდებულია ერთი მხრივ ქიმიური პროცესების შემთხვევაში შუქმგრძნობიარე შრის მისაღებად გამოყენებულ ქიმურ პროცესზე და მეორე მხრივ – ციფრული ფოტოკამერის შემთხვევაში, სენსორის ზედაპირზე ფოტოელემენტების რაოდენობაზე.
-
კამერა-ობსკურას კლასიკური მოდელი
-
დაგეროტიპიის კამერა (1839 წ.)
-
კასეტიანი ფოტოაპარატი „ФКД 13*18“.
-
ფირიანი ფოტოაპარატი „Nikon F“
-
ციფრული ფოტოაპარატი „Canon EOS 1v“
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 376.