ფოსფოლიპიდები , ფოსფატიდები — რთული ლიპიდები, რომელთა მოლეკულა ფოსფორმჟავას ნაშთს შეიცავს. ფოსფოლიპიდები შეიცავენ აგრეთვე გლიცერინს ან ამინოსპირტ სფინგოზინს, ცხიმოვან მჟავებს, ალდეპიდებსა და აზოტოვან ნაერთებს — ქოლინს, ეთანოლამინს, სერინს. ფოსფოლიპიდებს მიეკუთვნება გლიცეროფოსფატიდები [ფოსფატიდილექოლინი (მაგ. ლეციტინი), ფოსფატიდილეთანოლამინი, ფოსფატიდილსერინი, ფოსფატიდილინოზიტი, კარდიოლიპინი] და ფოსფოსფინგოლიპიდები — სფინგომიელინები. ყოველი ეს კლასი მოიცავს მრავალ ერთიპოვან მოლეკულას, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ცხიმოვან მჟავებსა და ალდეჰიდებს. ფოსფოლიპიდები ფართოდაა გავრცელებული როგორც ცხოველურ ისე მცენარეულ ორგანიზმებში, აგრეთვე მიკრობებში. კერძოდ, ისინი შედიან უჯრედის მემბრანების შედგენილობაში და განაპირობებენ ამ უკანასკნელთა აღნაგობას, აგრეთვე განვლადობას, მათზე განლაგებული ფერმენტების აქტივობას. ფოსფოლიპიდები ცილებთან წარმოქმნიან ლიპოპტოტეიდებს. სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური მემბრანების ფოსფოლიპიდები განსხვავებულია. ფოსფოლიპიდების შედგენილობა ზოგიერთ ორგანოში იცვლება სიბერისას და ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობისას (ათეროსკლეროზი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები). გარდა ფოსფოლიპიდებისა, ცნობილია აგრეთვე ფოსფონოლიპიდები, რომლებშიც ფოსფორის ატომი კოვალენტურად არის დაკავშირებული აზოტოვან ფუძესთან. ასეთი ნაერთები ნაპოვნია ზოგიერთ მოლუსკსა და ბაქტერიაში.

ფოსფოლიპიდები

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება