ფოსო (მხარე)

(გადამისამართდა გვერდიდან ფოსო)

ფოსო, ჩუღურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, წარმოადგენდა კარწახის ტბის გარშემო არსებულ ტაფობს. იგი ემიჯნება ჯავახეთის წყალის აუზს და ქმნის დამოუკიდებელ ორგანიზმს. ფოსოში იდგა ჯავახეთის წყაროსთავის ტაძარი, რომელიც აღნიშნული რეგიონის საეპისკოპოსო კათედრას წარმოადგენდა.

ვახუშტის რუკაზე ფოსო წარმოდგენილია ჯავახეთთან ერთად.

ფოსოს ჩრდილოეთიდან საზღვრავდა ჯავახეთი-ფოსოს შორის წყალგამყოფი ზოლი, დასავლეთით მტკვარი, აღმოსავლეთით ყარსის მთები და სამხრეთით კანიონი სადაც ქაჯის ციხეა განთავსებული.

ვიკიციტატა
„...ხოლო კვალად გოკიისწყლის შესართავის, ჯავახეთის მტკვრის სამჴრით, მაღლა მინდორსა ზედა, მთის ძირად არს ტბა კარწახისა დიდი და აღვსილი თევზითა, უმეტეს კალმახითა, ფრიად გემოიანითა. ამ ტბას მოერთვის წყალი ფოსოსი, რომელი გამოსდის ყარსის მთას, და მოდის ჩრდილოთ კერძოდ. ამ წყალზედ არს, ტბის მჭვრეტი, წყაროსთავს, ეკლესია, ფრიად დიდ-მშვენიერი, გუნბათიანი, რომელი აღაშენა მირდატ გორგასალის ძემან. იჯდა ეპისკოპოსი, მწყემსი მტკვრის აღმოსავლეთისა არტაანითურთ, ვიდრე ყარსის მთადმდე და ხავეთამდე. ამავ წყალზედ არს ფოსო ანუ ჩუღურეთი. ამ ფოსოს აქუს, აღმოსავლით, მთა ნიალისყურისა, სამჴრით — მთა ყარსისა, დასავლით — მთა არტაანისა და მის შორისი, ჩრდილოით მთა ნიალისყურისავე, წყაროსთავის სამჴრით, რომელსა გასჭრის წყალი ფოსოსი. და არს ესე ფოსო უვენახო, უხილო, ვიტარცა ჯავახეთი, ყოვლითა მოსავლით, პირუტყვით და კაცითა.“

„მესხური დავითნის ქრონიკაში“ ფოსო აქტიურ მოქმედებათა ობიექტია: „კოკოლა თავის ძმის-წულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე უკმოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა...“, „...გავილაშქრეთ ენკენისთუს ნახევარს და ქაჯის-ციხეს მივადეგით...“, „ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბივა, და გურჰაქს ქაჯისციხე გაუბარაქიანა...“.

როგორც ჩანს ფოსოს პროვინცია ძველად მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, ამჟამად კი რამდენიმე მცირედ დასახლებული სოფელიღა შემორჩა. მის დაცემებზე ცნობებს იძლევა „მესხური დავითნის ქრონიკა“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფ., 1904, გვ. 217