ფიჩხოვნის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფიჩხოვნის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

კოშკი გეგმით კვადრატულია (6 X 6 მ), ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია რიყის ქვით. ნიშები, შესასვლელების წირთხლები, თაღები, მეორე და მესამე სართულების გარეთა კუთხეები აგურისაა. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია სამი სართული და მეოთხე სართულის მცირე ნაწილი. პირველი სართული თითქმის მთლიანად ნანგრევებით არის ამოვსებული.

პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ კიდეშია. კარი გარედან გადახურულია შეისრული თაღით, ხოლო შიგნით ჩასმულია ღრმა, სწორკუთხა შეღრმავებაში, რომლის თარაზული გადახურვა სართულის გადახურვის დონეზეა. აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია, ხოლო დასავლეთისაში - ორი. დასავლეთ კედელში შემორჩენილია ბუხრის საკვამლე მილი.

მეორე სართულზე ორი კარია: ერთი, ფართო და შეისრულთაღოვანი, აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეშია. სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში გაჭრილი კარისგან კი მხოლოდ ერთი წირთხლია შემორჩენილი. ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი, ოდნავ შეღრმავებული ნიშია, დასავლეთისაში - სამი. ყველა ნიშს აქვს სათოფური. სათოფურებს ფიცრის ჰორიზონტალური გადახურვა აქვთ.

ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში პატარა ბუხარია. პირველ და მეორე სართულებს შორის ყოფილა სამალავი, რომელსაც სამხრეთით ერთი სარკმელი ჰქონია. მესამე სართულზე, დასავლეთ კედელში, ბუხარია, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეში - აივანზე გასასვლელი კარი (შემორჩენილია დასავლეთ წირთხლის ნაწილი). ამ სართულზეც მრავალი სათოფურია.

კოშკს ხის კოჭოვანი სართულშუა გადახურვა ჰქონია. სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბით უკავშირდებოდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება