ფილოსოფიური ქვა
ფილოსოფიური ქვა (სიბრძნის ქვა, ფილოსოფოსთა ელექსირი, ტინქტურა) — IV საუკუნიდან XVI საუკუნემდე გაბატონებული წარმოდგენების მიხედვით, ნივთიერება, რომელსაც უნარი აქვს მაგიურად გარდაქმნას არაკეთილშობილი ლითონები ოქროდ და ვერცხლად, განკურნოს ადამიანი ყოველგვარი ავადმყოფობისაგან, დაუბრუნოს მას ახალგაზრდობა (ალქიმია).[1]
ფილოსოფიური ქვაზე წარმოდგენების საფუძველი იყო პრაქტიკული დაკვირვებები ერთი ნივთიერების მეორედ სხვადასხვაგვარად გარდაქმნაზე, აგრეთვე ნატურფილოსოფიური მიხვედრები მატერიის ერთიანობაზე და ა.შ. შუა საუკუნეების პირობებში ამ აზრმა ნათლად გამოხატული რელიგიურ-მისტიკური შეფერილობა შეიძინა. შემდგომში აზრი ფილოსოფიური ქვის შესახებ უკუაგდეს.[1]
ამჟამად ქიმიურ ელემენტთა გარდაქმნის შესაძლებლობა მეცნიერულადაა დასაბუთებული. ტერმინი „ფილოსოფიური ქვა“ ხშირად იხმარება გადატანითი აზრით: ზოგ შემთხვევაში როგორც რაღაც არარსებულის ძიების სიმბოლო, ზოგ შემთხვევაში კი — როგორც მთავარი საშუალება სასურველი შედეგის მისაღწევად.[1]
ფილოსოფიური ქვის მნახველთ ადეპტებს უწოდებდნენ; როგორც ითვლება ასეთებს შორის იყო 4 ქალი: მარია ებრაელი, კლეოპატრა ალქიმიკოსი, მედერა და ტაპხნუტია.[2] ეზოთერიულად ქვა იყო ტრანსმუტაციის სიმბოლო ადამიანის უმდაბლეს ცხოველურ და უმაღლეს, საღვთო ბუნებას შორის. ჭეშმარიტი ალქიმიკოსები არ ცდილობდნენ ოქროს მიღებას, იგი ხელსაწყო იყო მხოლოდ და არა მიზანი. აზრი მათთვის თვით ფილოსოფიური ქვა იყო.
თუმცა ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ ფილოსოფიური ქვა გამონაგონია, მაინც XX საუკუნეში ტრანსმუტაცია იყო განხორციელებული, ოქრო ხშირად მიიღება ბირთვული რეაქტორის მუშაობის პროცესში სხვა ელემენტებისაგან. იგი მიიღება უმნიშვნელო კონცენტრაციებში და უარყოფითად მოქმედებს რეაქტორის მუშაობაზე.