ფილიპა რუბენიანი
ფილიპა რუბენიანი (სომხ. Փիլիպպինե Ռուբինյան), აგრეთვე ცნობილია, როგორც ფილიპა სომეხი (ბერძ. Φιλίππα της Αρμενίας; დ. 1183 ― გ. 1219) ― სომხეთის პრინცესა რუბენიანთა დინასტიიდან. მეფე რუბენ III-ისა და დედოფალ ზაბელ ტორონელის ასული. ნიკეის იმპერატორ თეოდორე I ლასკარისის მეორე ცოლი 1214-1216 წლებში.
ფილიპა რუბენიანი | |
---|---|
ნიკეის იმპერატრიცა | |
მმართ. წლები: | 1214-1216 |
წინამორბედი: | ანა ანგელინა |
მემკვიდრე: | მარი დე კურტენე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1183 |
გარდ. თარიღი: | 1219 |
მეუღლე: | თეოდორე I, ნიკეის იმპერატორი |
შვილები: | კონსტანტინე, თრაკესიის ჰერცოგი |
დინასტია: | რუბენიანები |
მამა: | რუბენ III, სომხეთის მეფე |
დედა: | ზაბელ ტორონელი |
სომხეთის პრინცესა
რედაქტირებაფილიპა დაიბადა 1183 წელს. იგი იყო კილიკიის სომეხთა სამეფოს მმართველ რუბენ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ზაბელ ტორონელის უმცროსი ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავდა, პრინცესა ალისა, რომელიც მასზე მხოლოდ ერთი წლით უფროსი იყო. 1186 წელს, როდესაც ფილიპა სულ სამი წლის იყო, მამამისი გარდაიცვალა. ვინაიდან ძე არ დარჩენია, რუბენი მისმა უმცროსმა ძმამ, ლევონ II-მა ჩაანაცვლა, რომელიც თავისი ძმისწულების „რეგენტი და აღმზრდელი“ გახდა. თუმცაღა, ლევონმა ფილიპა და ალისა მალევე ამოიღო მემკვიდრეთა სიიდან და ისინი თავისი შვილებით ჩაანაცვლა.
სემპად კონეტაბლის ჩანაწერების მიხედვით, 1189/1190 წლის 3 თებერვალს პრინცესა ფილიპა შაჰენშაჰზე დანიშნეს, რომელიც იყო სასუნის მთავარ ჩორდუანელისა და სომეხთა კათალიკოს გრეგორი IV-ის დის ვაჟი. ამავდროულად, პრინცესა ალისა შაჰენშაჰის უფროს ძმაზე დანიშნეს. სასუნის სამთავრო, რომელსაც ორი ძმა განაგებდა, ერთობ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო სომხებისათვის, დინასტიური ქორწინებებით კი მეფე ლევონი მათთან დაახლოვებას ცდილობდა.
ალისა და ფილიპა ძმებზე ნიშნობის შემდეგ 1193 წლამდე დააქორწინეს, რამეთუ 1193 წლის მაისში შაჰენშაჰი და მისი ძმა, ჰეთუმი, დახოცეს. მათი ქორწინების დოკუმენტები და თარიღი არ არსებობს, თუმცა ამის შესახებ იქიდან დგინდება, რომ სემპად კონეტაბლი დებს მათ ქვრივებად იხსენიებს. სემპადი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ ძმების დახოცვის უკან მეფე ლევონი იდგა. ვინაიდან ალისა ამ დროს მხოლოდ თერთმეტი წლის იყო, ხოლო ფილიპა ათის, მათი ქორწინება არ ყოფილა კონსუმირებული და, შესაბამისად, იმ ხანის კანონების მიხედვით, არც ვალიდური. ამის გამო დებს თავისუფლად შეეძლოთ კვლავ გათხოვება.
1198/1199 წლის 31 იანვარს ფილიპა დაინიშნა ოშინ ლამპრონელზე, ლამპრონის მმართველ ჰეთუმის უფროს ვაჟზე. ნიშნობის მიუხედავად ქორწინება არასოდეს შემდგარა, თუმცა ამის მიზეზს სემპადი არსად ასახელებს.
ნიკეის იმპერატრიცა
რედაქტირება1214 წლის 24 ნოემბერს ფილიპა დააქორწინეს ნიკეის იმპერატორ თეოდორე I ლასკარისზე. ქორწინების შესახებ ცნობებს გიორგი აკროპოლიტი გვაწვდის. ცნობილია, რომ ფილიპას იმპერატორისაგან 1215 წელს ერთადერთი ვაჟი შეეძინა, კონსტანტინე ლასკარისი, რომელიც 1249 წელს თრაკესიის ჰერცოგი გახდა.
1216 წელს იმპერატორმა თეოდორემ ფილიპასთან არსებული ქორწინება გააუქმა და უკან, სომხეთში დააბრუნა, თუმცა კონსტანტინე ნიკეაში დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მათი განქორწინების მიზეზად რელიგიის განსხვავება სახელდება, ზუსტი მიზეზი მაინც უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ მეფე ლევონმა მოატყუა იმპერატორი თეოდორე და ფილიპა საკუთარ ქალიშვილად წარუდგინა, იმპერატორს სურდა სომხეთის ტახტზე მემკვიდრული უფლებების მიღება, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ ფილიპა მეფის მხოლოდ ძმისწული იყო, მას გაეყარა[1].
1219 წლის მაისში მეფე ლევონი გარდაიცვალა და იგი მისმა ქალიშვილმა, დედოფალმა ზაბელმა ჩაანაცვლა, სემპადი ამ დროს ფილიპას დედოფლის ცოცხალ ნათესავებს შორის აღარ იხსენიებს, რამეთუ მის მიხედვით იგი 1219 წლის დასაწყისში გარდაიცვალა, უცნობი მიზეზებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Sempad the Constable, Le Royaume Armenien de Cilicie.
- George Acropolites, Annales.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Gardner, Alice (1912). The Lascarids of Nicaea: the Story of an Empire in Exile. pp. 87f.