ფილარეტ მოწყალე (გ. 792) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 დეკემბერი, ახალი სტილით — 14 დეკემბერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფილარეტ მოწყალე პაფლაგონიის ოლქის (მცირე აზია) სოფელ ამნიაში დაიბადა VIII საუკუნეში. მშობლებმა იგი ღვთისმოშიშედ აღზარდეს. წმიდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის ჩამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები: ძე — იოანე და ორი ასული — იპატია და ევანთია. ფილარეტი დიდ ქონებას ფლობდა და გასცემდა კიდეც მოწყალებას.

ერთხელ პაფლაგონიას არაბები დაესხნენ თავს, ქვეყანა ააოხრეს და ფილარეტიც გაძარცვეს. წმინდანს მხოლოდ ორი ხარი, ცხენი, რამდენიმე სკა, მცირე მამული და სახლი შერჩა. იგი თვითონ ამუშავებდა მიწას, რომ თავისი შრომით მოეპოვებინა სარჩო ოჯახისათვის. ფილარეტის ოჯახს ცხოვრება თანდათან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ იგი უკანასკნელ ქონებასაც გლახაკებს უნაწილებდა, რისთვისაც ხშირად უხდებოდა ცოლ-შვილისაგან საყვედურის მოსმენა.

ამ დროს ბიზანტიის იმპერატორმა ირინემ (797-803 წწ.) თავისი ძისთვის - მომავალი თანამმართველის, კონსტანტინე პორფიროგენეტისთვის (780-797 წწ.) საცოლის ძიება დაიწყო და მთელს იმპერიაში დაგზავნა ელჩები. დესპანებმა შორიდანვე შენიშნეს სხვა სახლებისაგან სიდიდით გამორჩეული ფილარეტის სასახლე და გადაწყვიტეს, იქ გაჩერებულიყვნენ. წმიდანმა მეზობლებისაგან ითხოვა საჭმელ-სასმელი და მალე მდიდრული სუფრა გაიშალა. ელჩებმა მასპინძელთან საუბარში შეიტყვეს, რომ მას სამი შვილიშვილი ჰყავდა, მოუხმეს მათ და ერთ-ერთი — მარიამი სხვა რჩეულ ქალწულებთან ერთად მეფეს წარუდგინეს. მარიამი დედოფალი გახდა, კონსტანტინე პორფიროგენეტმა კი ფილარეტი გულუხვად დაასაჩუქრა.

უფლისაგან წინასწარ ემცნო აღსასრულის მოახლოება, კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, როდოლფიას მონასტერში მივიდა, თავისი ქონების ნაწილი ამ სავანეს შესწირა, დანარჩენი გლახაკებს დაურიგა და 90 წლის ასაკში გარდაიცვალა 792 წელს. წმინდანი კონსტანტინოპოლში, როდოლფიას სავანეში დაკრძალეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003