ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია

ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდინარე ტანის ხეობაში, სოფელ ფეტვისხევიდან ჩრდილო-დასავლეთით, 3 კმ-ზე, ტყეში („შავტყე“). თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (12,25 X 11,1 მ.), ნაგებია ძირითადად ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. სამხრეთით — ორ-ორი. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდს მაღალი დასაჯდომი გასდევს. აფსიდის ცენტრში დგას ქვით ნაშენი სატრაპეზო. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მძლავრად გამოშვერილ ერთსაფეხურიან პილასტრებსა და თლილი ქვის საბჯენ თაღებს ეყრდნობა. აფსიდის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც სტილისტური ნიშნებით XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. საკურთხეველი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურით არის ამაღლებული, აქ იდგა XV-XVI საუკუნეების ხის კანკელი (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა სამფლობელო იყო. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების მთელ სიგრძეზე ეკლესიის თანადროული ორი მინაშენია. ორივე მინაშენი აღმოსავლეთით, ეკლესიის აფსიდის კედლებში ღრმა ნიშით არის შეჭრილი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში გვიანდელ ფეოდალურ ხანაში მიუშენებიათ დარბაზული ეკლესია, რომელსაც კარი სამხრეთიდან აქვს, სარკმლები — აღმოსავლეთით და სამხრეთით.

ლიტერატურა

რედაქტირება