ფერნან ბროდელი (ფრანგ. Fernand Braudel; დ. 24 აგვისტო, 1902 — გ. 27 ნოემბერი, 1985) — ფრანგი ისტორიკოსი, ანალების სკოლის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1902 წელს. 21 წლამდე სწავლობდა პარიზის უმაღლეს სასწავლებლებში. 1924–1932 წლებში ასწავლიდა ალჟირში, ხოლო 1935–1937 წლებში სან–პაულოს უნივერსიტეტში. 1937 წელს ბრუნდება პარიზში და ხდება უმაღლეს გამოკვლევათა პრაქტიკული სკოლის დირექტორი. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანელთა ტყვეობაში, სადაც, ერთი ვერსიით, ყოველგვარ ბიბლიოთეკებსა და არქივებს მოკლებულმა, საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობით დაწერა ნაშრომი: ხმელთაშუაზღვისპირეთი და ხმელთაშუაზღვისპირა სამყარო ფილიპე II-ის ეპოქაში, რომელიც 1947 წელს დისერტაციად იქნა დაცული, ხოლო 1949 წელს წიგნად იქნა გამოცემული. 1949 წლიდან ხდება კოლეჯ დე ფრანსის პროფესორი და თანამედროვე ცივილიზაციათა კვლევის კათედრის გამგე. ლუსიენ ფევრის გარდაცვალების შემდეგ 1956 წელს გახდა ჟურნალის ანალები, ეკონომიკა, საზოგადოებები, ცივილიზაციები მთავარი რედაქტორი, რომელიც დატოვა 1970 წელს თანამშრომლებთან უთანხმოების გამო. 1970 წელს გამოვიდა მისი ნაშრომი ისტორია და სოციალური მეცნიერებები, დიდი ხანგრძლივობის დრო, 1963 წელს ცივილიზაციათა გრამატიკა, ხოლო 1979 წელს მატერიალური ცივილიზაცია, ეკონომიკა და კაპიტალიზმი XVI-XVII საუკუნეებში (სამ ტომად); 1984 წელს გახდა საფრანგეთის აკადემიის წევრი. სიცოცხლის ბოლო პერიოდში მუშაობდა მრავალტომიან ნაშრომზე საფრანგეთის თვითმყოფადობა, რომლის დასრულება ვერ შეძლო და 1986 წელს მხოლოდ ორ ტომად გამოქვეყნდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიხეილ ქართველიშვილი, ფერნან ბროდელი (შტრიხები მეთოდოლოგიური პორტრეტისათვის), კრებული, მიძღვნილი ვლადიმერ ივანოვის და რევაზ ლასკარის ხსოვნისადმი, თბ., 2007