ფაშოდის კრიზისი
ფაშოდის კრიზისი ან ფაშოდის ინციდენტი (ფრანგ. Crise de Fachoda, ინგლ. Fashoda Incident) — კონფლიქტი ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის 1898 წელს, რომელიც გამოწვეული იყო აფრიკაში ბატონობისთვის ბრძოლით. სახელწოდება მომდინარეობს ნილოსის ზემო წელზე მდებარე დასახლებული პუნქტიდან „ფაშოდა“ (ამჟამად ქალაქი კოდოკი სამხრეთ სუდანში).
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის ბოლოსთვის აფრიკაში მთავარი ჰეგემონის სტატუსის მოპოვებას ბრიტანეთი და საფრანგეთი ცდილობდნენ. ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ორ ტრანსაფრიკულ პროექტს, რომელიც ამ სახელმწიფოებმა წამოიწყეს. ერთი იყო სესილ როდსის კეიპტაუნი-კაიროს სარკინიგზო ხაზის მშენებლობის გეგმა, რომელიც აფრიკის სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე უნდა გადაჭიმულიყო. მეორე გეგმით კი ფრანგებს უნდა შეექმნათ ანალოგიური ზოლი, რომელიც აფრიკის დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე გადაიჭიმებოდა (დაკარი-ჯიბუტის ხაზი). რუკაზე გავლების შემდეგ ეს ორი ხაზი იკვეთებოდა ქალაქ ფაშოდას სიახლოვეს, რამაც ამ ადგილს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა.
ასეთი სტრატეგიული ადგილის დასაკავებლად პირველი ნაბიჯი ფრანგებმა გადადგეს. საფრანგეთის კონგოდან დაიძრა მცირერიცხოვანი ექსპედიცია (8 ოფიცერი და 120 ჯარისკაცი) მაიორ ჟან-ბატისტ მარშანის მეთაურობით, რომელმაც 1898 წლის ივლისში პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა ფაშოდა. იმ დროისათვის ბრიტანეთი სუდანის დაპყრობით იყო დაკავებული და მისი ჯარი გენერალ კიტჩენერის მეთაურობით თეთრ ნილოსს აღმა მოუყვებოდა. 2 სექტემბერს ქ. ომდურმანთან გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში კიტჩენერმა დაამარცხა სუდანელი დერვიშები, ხოლო 18 სექტემბერს იგი ფაშოდას მიადგა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე პრეტენზიას აცხადებდა ფაშოდაზე, კიტჩენერმა და მარშანმა დიდი თავშეკავება გამოიჩინეს. ფრანგებმა და ბრიტანელებმა საკითხის მოგვარება არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური გზით არჩიეს და არსებული ვითარების შესახებ საკუთარ მთავრობებს შეატყობინეს.
პარიზსა და ლონდონს შორის ვითარება სერიოზულად დაიძაბა. ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს ბრიტანეთის მთავრობამ არაორაზროვნად მიანიშნა საფრანგეთის ხელმძღვანელობას, რომ თუ ის ფაშოდას არ დატოვებდა, ეს ორ სახელმწიფოს შორის ომის მიზეზი გახდებოდა. საფრანგეთი არ იყო მზად ბრიტანეთთან საზღვაო ომისთვის და დათმობა არჩია. 3 ნოემბერს საფრანგეთმა გადაწყვიტა უარი ეთქვა საკუთარ პრეტენზიებზე და მარშანის რაზმი დაკავებული ტერიტორიიდან გაეყვანა. ამის სანაცვლოდ, მოგვიანებით საფრანგეთმა გარკვეული კომპენსაცია მიიღო ცენტრალურ აფრიკაში.
შედეგები
რედაქტირებაამ ინციდენტმა ფრანგული საზოგადოებისა და პრესის დიდი აღშფოთება გამოწვია. უკანდახევის ფაქტმა შელახა ფრანგების ეროვნული თავმოყვარეობა. ისინი ალაპარაკდნენ ბრიტანეთის წინააღმდეგ გერმანიასთან სამხედრო ალიანსის შექმნაზეც კი.
ფაშოდა შევიდა სუდანის შემადგენლობაში, რომელსაც ბრიტანეთის მიერ დანიშნული გენერალ-გუბერნატორი მართავდა. პირველ გენერალ-გუბერნატორად კიტჩენერი დაინიშნა.
ფაშოდას კრიზისი კულმინაციური მომენტი იყო ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის აფრიკის გაყოფის საკითხში. იმ პერიოდში მზარდი ანგლო-გერმანული დაპირისპირების ფონზე ფრანგებისა და ბრიტანელების წინააღმდეგობამ აფრიკაში მეორე პლანზე გადაინაცვლა. კონფლიქტის ასეთმა გადაჭრამ მომავალში ხელი შეუწყო საფრანგეთ-ბრიტანეთს შორის „გულითადი კავშირის“ („ანტანტის“) გაფორმებას.
ფაშოდის კრიზისს გამოეხმაურა და აქტიურად აშუქებდა იმდროინდელი ქართული გაზეთი „ივერია“.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Фашодский кризис на Хроно.ру
- Густерин П. Франко-британские противоречия перед созданием Антанты
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „ივერია“, 15 ოქტომბერი 1898, № 221, გვ. 3
- ↑ გაზ. „ივერია“, 21 ნოემბერი 1898, № 250, გვ. 1-2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2022. ციტირების თარიღი: 16 იანვარი 2021.