ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესიაწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში, ძველ სასაფლაოზე[1]. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (12,4 x 10,8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიში. საკურთხეველში შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს მარტივი პროფილის თაროსებრი კაპიტელები აქვთ.

ტაძარში კედლები შელესილია, გამოირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია, ამ ფენიდან შემორჩენილია ფერადი ლაქები ჩრდილოეთი კედლის პირველ რეგისტრში და შარავანდედიანი ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურა სამხრეთ კედლის აღმ. მონაკვეთზე. მოხატულობის მეორე ფენა XII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება. შუა რეგისტრში თორმეტი მოციქულის წელზედა გამოსახულებაა. ქვემოთ კი ათი ეკლესიის მამისა და ორი დიაკვნის ფიგურებია. საკურთხევლის სარკმლის თავზე მედალიონში ჩასმული ჯვარია, ქვემოთ კი ხატი მანდილისაი. მოხატულობაში მრავლადაა საუფლო დღესასწაულები, წმ. გიორგის ცხოვრების ეპიზოდები და ქტიტორთა პორტრეტები. მხატვრობა წარმოდგენილია ოქროსფერი, ვარდისფერი, მკვეთრი ცისფერი, იისფერი, წითელი და მოწითალო-მოყავისფრო ფერებით.

აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ორივე მხარეს წრეში ჩასმულია ორნამენტიანი ჯვრები. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის სწორკუთხა ფილაზე გამოსახულია წრე და გველი. ტაძარი გადახურულია კრამიტით. სამხრეთ ფასადზე, მთელ სიგრძეზე მიშენებულია დაბალი ეგვტერი, რომელიც ძლიერაა დაზიანებული. აქ შემორჩენილი მოხატულობის ნაშთები კი XIII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.

ლიტერატურა

რედაქტირება