უცხოური აგენტების კანონი

რუსეთის უცხოური აგენტების კანონი (რუს. закон об иностранных агентах) — რეპრესიული, ადამიანის უფლებებს დამრღვევი კანონი, რომელიც რუსეთში მიიღეს.[1] კანონი მოითხოვს, რომ ყველა ადამიანი ან იურიდიული პირი, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარედან იღებს „მხარდაჭერას“ ან არის „გავლენის ქვეშ“ დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში და გამოაცხადოს თავი „უცხოურ აგენტად“. რეგისტრაციის შემდეგ ფიზიკური ან იურიდიული პარი ექვემდებარება დამატებით აუდიტს და ვალდებულია ყველა საკუთარ პუბლიკაციას გაუკეთოს 24-წანამძღვარი, რომელშიც აღნიშნულია პუბლიკაციის ავტორის „უცხოური აგენტობა“. [2]

ადამიანს ხელში უჭირავს წარწერა „რუსეთის საუკეთესო ადამიანები უცხოური აგენტები გახდნენ. ეს არის ხელისუფლების სირცხვილი.“

ფრაზას „უცხოური აგენტი“ (რუს. иностранный агент) გააჩნია მძლავრი კავშირი კომუნისტური პერიოდის ტერმინოლოგიასთან და მისი გამოყენება უაღრესად საკამათოა. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კომუნისტურ პერიოდში გამოყენებული ტერმინოლოგიის დაბრუნება სტიგმას აკრავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აკნინებს მათ რეპუტაციას და მნიშვნელოვნად ხელს უშლის მათ საქმიანობას. ვენეციის კომისია, აქედან გამომდინარე, ტერმინზე უარის თქმის მომხრეა. კანონი მწვავედ გააკრიტიკეს როგორც რუსეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევი და რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის თავისუფლების დასათრგუნად გამოყენებული ინსტრუმენტი, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე ჯგუფებისთვის.[3][4][5]

საქართველო რედაქტირება

2022 წელს მმართველ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ „უცხოური გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტი დააინიცირა.[6]

მათ მიერ დაინიცირებული კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, შეიქმნება „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. [6]

2023 წელს ნედ პრაისმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, შეშფოთება გამოხატა რუსული კანონპროექტის საქართველოში ინიცირებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებით, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.[7]

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უარყო განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) და ხაზი გაუსვა, რომ ქართული კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას. [7]

სქოლიო რედაქტირება

  1. ევროსასამართლო: რუსეთის კანონი “უცხოური აგენტების” შესახებ ადამიანის უფლებებს არღვევს
  2. „Russia fines investigative website for breaking 'foreign agent' law“. Reuters (ინგლისური). 2021-12-14. ციტირების თარიღი: 2021-12-31.
  3. Lally, Kathy (2013-04-18). „Putin pushes NGO foreign agent law“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-26. ციტირების თარიღი: 2013-06-01.
  4. Barry, Ellen (2012-07-02). „Russia Introduces Law Limiting Aid for Nonprofits“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2013-06-01.
  5. „Russian Authorities Plan To Introduce Registry Of People Linked To 'Foreign Agents'. RadioFreeEurope/RadioLiberty (ინგლისური). 9 March 2022. ციტირების თარიღი: 9 April 2022.
  6. 6.0 6.1 რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე
  7. 7.0 7.1 გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები