მართა ჯეინ კანარი ბიორკი (ინგლ. Martha Jane Cannary Burke, უფრო მეტად ცნობილია, როგორც უშიშარი ჯეინი (ინგლ. Calamity Jane); დ. 1 მაისი, 1852, პრინსტონი, მისურის შტატი — გ. 1 აგვისტო, 1903, დედვუდი, სამხრეთი დაკოტა) — ფრონტირის ამერიკელი მაცხოვრებელი ველურ დასავლეთში, პროფესიონალი სკაუტი, ცნობილი გახდა თავისი სურვილით შეხვედროდა და დაოჯახებულიყო ველურ დიკ ჰიკოკზე. ასევე ცნობილია თავისი მოღვაწეობით ამერიკა-ინდიელების ომში ინდიელების წინააღმდეგ. მრავალრიცხოვანი მოგონებების თანახმად, იგი ასევე ქალი იყო, რომელმაც გამოიჩინა დიდი სიკეთე და თანაგრძნობა, განსაკუთრებით დაავადებულებისა და გაჭირვებულების მიმართ. ამრიგად, ამ კონტრასტმა იგი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად აქცია ველური დასავლეთის ისტორიაში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მართ ჯეინ კანარი დაიბადა 1852 წლის 1 მაისს მისურის შტატის ქალაქ პრინსტონში. მისი მშობლები იყვნენ რობერტ და შარლოტა კანარები, რომლებიც 1860 წლის აღწერების მონაცემებით ცხოვრობდნენ ქალაქ პრინსტონის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ში. მარტა ჯეინი იყო ოჯახის ექვსი შვილიდან ყველაზე უფროსი. მას ჰყავდა ორი ძმა და სამი და. 1865 წელს რობერტმა ოჯახი საცხოვრებლად წაიყვანა ვირჯინია-სიტში, მონტანა. შარლოტა გარდაიცვალა გზაში პნევმონიის შედეგად. 1866 წელს ვირჯინია-სიტში ჩასვლის შემდეგ რობერტმა თავისი შვილები შორეულ მოგზაურობაში გაუშვა - სოლტ-ლეიკ-სიტში, იუტა. აქ ოჯახი დაკავდა ფერმერული საქმიანობით 40 აკრ მიწაზე. რობერტი გარდაიცვალა 1867 წელს, მაშინ როდესაც ჯეინი იყო 15 წლის. იგი იძლებული გახდა თავის თავზე აეღო ოჯახის უფროსის მოვალეობები. კვლავ ჩაალაგეს მთელი ქონება და საცხოვრებლად გადავიდნენ ფორტ-ბრიჯერში, ვაიომინგის ტერიტორიაზე. აქედან კი გაემგზავრნენ პიემონტში, ვაიომინგი.

პიემონტში, მართა ჯეინი ასრულებდა ნებისმიერ სამუშაოს, რომელიც უზრუნველყოფდა მის მრავალრიცხოვან ოჯახს. მუშაობდა მზარეულად, ოფიციანტად, მოცეკვავედ და ძიძად. საბოლოოდ 1870 წელს იგი სკაუტი გახდა.

მართა ჯეინი მონაწილეობდა რამდენიმე საბრძოლო კამპანიაში ინდიელების წინააღმდეგ. მისი პირველი საბრძოლო კამპანია გაიმართა 1872 წელს, გუს-კრიკის რაიონში.

უშიშარი ჯეინი თან ახლდა ნიუტონ-ჯენის ექსპედიციას ბლექ-ჰილზში 1875 წელს კალიფორნია ჯოსა და ვალენტაინ მაკგილიკიდისთან ერთად.

1876 წელს დასახლდა დედვუდის ოლქში, სამხრეთი დაკოტა. აქ იგი თანამშრომლობდა ველური დასავლეთის ცნობილ სუტინიორ დორა დიუფრანთან. აქ მან გაიცნო ველური ბილი ჰიკოკი. ჯეინი აღფრთოვანებული იყო ჰიკოკით და შეპყრობილი მისი პიროვნებით და მისი ცხოვრებით. მას შემდეგ, რაც 1876 წლის 2 აგვისტოს ჰიკოკი პოკერის თამაშის დროს მოკლეს, ჯეინმა განაცხადა, რომ იყო ჰიკოკის ცოლი და რომ ჰიკოკი იყო მისი შვილის მამა, რომელიც დაიბადა 1873 წლის 25 სექტემბერს და რომელიც მოგვიანებით მიაშვილა ჯიმ ო'ნილსა და მის მეუღლეს. არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომლებიც დაადასტურებენ ბავშვის დაბადებას და მისი მთელი ისტორია ჰიკოკთან რომანტიკული ურთიერთობის შესახებ შეიძლება იყოს გამოგონილი. სავარაუდო ბავშვის გაჩენის დროს ჯეინი ჯარის სკაუტად მუშაობდა.

1881 წელს ჯეინმა იყიდა რანჩო მაილზ-სიტის დასავლეთით, სადაც გახსნა ტავერნა. გარდაიცვალა 1903 წელს 51 წლის ასაკში, დაკრძალულია მაუნტ-მორის სასაფლაოზე, დედვუდში, სამხრეთი დაკოტა, ველური ბილი ჰიკოკის გვერდით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება