უდაბნოს მესამე გორასამარხების ველი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უდაბნოს გორასამარხების ველი.

უდაბნოს მესამე გორასამარხების ველი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეში, უდაბნო-საგარეჯოს გზის 22-ე კილომეტრზე, ნაომარიგორის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულით.

ძეგლი 1985 წელს აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანებლობით. სამარხს, მიწაყრილის ზემოთ, ქვატეხილის ჯავშანი ჰქონდა, ხოლო ფუძესთან შემოსდევდა კედლის დიდი ლოდების წრე. ადგილზე სამი სამარხი აღმოჩნდა.

გორასამარხის ჩრდილოეთ ნაწილში გაჭრილი ერთი სამარხი გადახურული იყო ქვის სამი ფილით, რომელთაც გარშემო შემოწყობილი ჰქონდა კედლის მცირე ზომის ქვები. სამარხი წარმოადგენდა მართკუთხა, კიდეებმომრგვალებულ ორმოს. მიცვალებული დასვენებული იყო მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით ჩრდილოეთისაკენ. სამარხში სარდიონის მძივების გარდა სხვა ინვენტარი არ აღმოჩნდა.

მეორე სამარხი გაითხარა გორასამარხის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სამარხი ორმო გადახურული იყო ხის ძელებით. მიცვალებული ესვენა მარცხენა გვედზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისაკენ.

მესამე სამარხი აღმოჩნდა გორასამარხის ყრილის ცენტრში. გეგმით მართკუთხა, კიდეებმომრგვალებული ორმო. გადახურული იყო ქვიშაქვის ფილებით. სამარხში აღმოჩნდა ზრდასრული ადამიანისა და ბავშვის ჩონჩხი. ზრდასრული მიცვალებული დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. მიცვალებულს თავი ლანგარზე ედო და მისი ხერხემლის გასწვრივ დადასტურდა მსხვილფეხა საქონლის ძვლები. ბავშვის ჩონჩხი სამარხის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა.

ლიტერატურა

რედაქტირება