უბნის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი

უბნის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უბნის მიდამოებში. თარიღდება განვითარებულ შუა საუკუნეებით. კომპლექსში შედის ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან ეკვრის გვიანდელი კარიბჭე, სწორკუთხა ნაგებობა და გალავანი. ეკლესია დარბაზულია. დგას გალავნით შემოფარგლულ ეზოს შუა ნაწილში, ნაგებია მოზრდილი ზომის, უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვითა და დუღაბით. შიგნით კედლების წყობა წვრილი ქვისაა და ტლანქია. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დაბზარულია აფსიდის კედელი, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი და ჩრდილოეთ -დასავლეთ კუთხე. შემორჩენილ კედლებს აქა-იქ ზედა ნაწილები და საპირე წყობა ჩამოშლილი აქვთ. ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თარაზულადაა გადახურული, აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღეძზე, ბრტყლად გადახურული ვიწრო სარკმელია, რომლის სამხრეთით მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია.

დარბაზის სამხრეთ კედლის შუაში მოზრდილი ქვებით გამოყვანილი ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. პილასტრის მოპირდაპირედ ჩრდილოეთ კედელი დანგრეულია. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელშია. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ღიობი ორ მოზრდილ ქვაშია გამოკვეთილი და ზემოთკენ საგრძნობლად ვიწროვდება. სარკმელს გარს ევლება დაუდერად გამოკვეთილი თაღოვანი საპირე - ორ გრეხილ ლილეს შორის მოქცეული ბრტყელი ზედაპირი, რომელზეც ორნამენტის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მინაშენი გეგმით კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია, ნაშენი ლოდებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი ქვის ზღუდარითაა გადახურული. შიგნით მინაშენი გადახურულია ისრული ფორმის კამარით.

კამარის დასავლეთ ნახევრის უმეტესი ნაწილი ჩამონგრეულია. გარედან მინაშენს ორკალთა სახურავი ხურავს. კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია თითმის ნანგევებად ქცეული სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გალავნის კედლებითაა შემოზღუდული. ერთადერთი შესასვლელი შენობას აღმოსავლეთ კედელში აქვს. ამავე კედელში ერთი პატარა სწორკუთხა ნიშია. გალავანი ძირითადად წრიული მოხაზულობისაა. მისი უმეტესი ნაწილი დანგრეული. შესასვლელი ჩრდილოეთ-დასავლეთიდან ჰქონია, რომლისგანაც აღმოსავლეთ წირთხლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. კომპლექსის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაგებობა მდგარა.

ლიტერატურა რედაქტირება