ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია

ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის ქარელაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანის დასაწყისით.

ღვთისმშობლის ეკლესია (ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან)

ეკლესია დარბაზულია (10,3 X 6,5 მ), ნაგებია რიყის ქვით (წყობა ირეგულარულია), გამოყენებულია ღვინისფერი თლილი კვადრებიც. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია ჩრდილოეთ კედლის დეკორატიული თაღი და ლავგარდანი, ჩამოცვენილია შიდა შელესილობა; აღმოსავლეთ კედლის ზოგიერთ ნაწილში ჩანს აგურის გვიანდელი ჩანაერთები. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთით (ამჟამად გაუქმებულია), მეორე - სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში. ამ შესასვლელის თაღში ჩადგმულია ტიმპანის მთლიანი ქვა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომელიც შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება (აფსიდის სხვა კომპონენტების ჩაშენების გამო არ გაირჩევა). ეკლესიის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრების კრონშტეინებს ეყრდნობა კედლის დეკორატიული თაღები, რომლებიც ოდნავ გამოწეულია კედლის სიბრტყიდან. პილასტრის კაპიტელების დანაწევრება ერთნაირია (შუბლი, ლილვი და სწორხაზოვანი ზოლი). პილასტრების კაპიტელებს საბჯენი თაღი ეყრდნობა. დარბაზის სამხრეთის კედელში შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკითხა სარკმლებია. მათგან დასავლეთის კედლის სარკმელი უფრო განიერია. ერთი სწორკუთხა მცირე სარკმელი დასავლეთის კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიის ფასადები მცირედ დეკორირებულია. აღმოსავლეთის სარკმელს თაღოვან თავსართად შემოვლებული აქვს ქვაში ამოკვეთილი შეწყვილებულგრეხილიანი ლილვი გადანაკეცებით. ლილვზე დაფუძნებულია დიდი ზომის ტოლმკლავებიანი ჯვარი. ასეთივე, მხოლოდ მცირე ზომის ჯვარია გამოსახული სამხრეთის სარკმლის თავსართის ქვაზე. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია კვადრატული აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.