ტყვიავის გორასამარხები
ტყვიავის გორასამარხები — ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრის დასაწყისის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ტყვიავთან (გორის მუნიციპალიტეტი). 1938-1974 წლებში გათხარეს (ხელმძღვანელი ს. მაკალათია) ერთმანეთის მახლობლად მდებარე გორასამარხი (დიამეტრი 15—20 მ, სიმაღლე 0,60—1 მ). კონსტრუქციულად გორასამარხები ერთმანეთის მსგავსია, სამივე ორმოიანია. პირველში 42 სამარხი აღმოჩნდა. სამარხები ორმოში სხვადასხვა სიღრმეზე იყო მოთავსებული. მიცვალებულები სხვადასხვანაირად ესვენენ (მოკრუნჩხული, ფეხებმოხრილი, გვერდზე მწოლარე, გულაღმა და სხვა). სამარხების უმრავლესობა უინვენტარო იყო. მხოლოდ 3 სამარხში იდო შავი თიხის ბადისებრი ჭურჭელი, ერთ-ერთში იპოვეს კაჟის ისრისპირი, საჭრისი და დანისპირი, ჩონჩხთან — ბრინჯაოს ბრტყელი ბეჭედი. მეორე გორასამარხში 1 მიცვალებული იყო დაკრძალული. აქ აღმოჩნდა ქვის ლახტისთავი, ბრინჯაოს სადგისი, დანისპირი და თიხის ჭურჭელი. მესამე გორასამარხში 2 მიცვალებული ესვენა, ერთ-ერთის თავის ქალას ქვეშ 3 სასაფეთქლე რგოლი იდო. რიყის ქვებში იპოვეს შავი ბადია. გორასამარხებში მოპოვებული მასალა გარკვეულ მსგავსებას ავლენს თრიალეთის უადრეს გორასამარხებთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 87.
- „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 74.
- მაკალათია ს., ტყვიავის ყორღანული სამარხების არქეოლოგიური გათხრები, თბ., 1943