ტრიფონი (თურქესტანოვი)

მიტროპოლიტი ტრიფონი (თურქესტანოვი) (ერისკაცობაში: ბორის პეტრეს ძე თურქესტანოვი [თურქესტანაშვილი]; დ. 29 ნოემბერი (11 დეკემბერი), 1861, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 14 ივნისი, 1934, იქვე) — წარმოშობით ქართველი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, მიტროპოლიტი.

ეპისკოპოსი ტრიფონი (თურქესტანოვი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბორის პეტრეს ძე თურქესტანოვი დაიბადა მოსკოვში 1861 წლის 29 ნოემბერს. მამამისი, პეტრე თურქესტანოვი, ძველ ქართველ თავადთა პირდაპირი შთამომავალი იყო. მისი წინაპარი, ბორის პანკრატის ძე თურქესტანიშვილი, რუსეთში პეტრე I–ის მეფობის დროს ჩავიდა. მომავალი მღვდელმთავრის დედა — ბარბარე ალექსანდრეს ასული ნარიშკინა თავადის ქალი იყო. ყმაწვილობაში ბორისი მძიმედ დაავადდა. ექიმები გამოჯანმრთელების იმედს არ იძლეოდნენ. სასოწარკვეთილი დედა წმ. მოწამე ტრიფონის სახელობის ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა და შვილის განკურნებას ევედრებოდა. მან წმ. ტრიფონს აღუთქვა, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში ვაჟიშვილს მას მიუძღვნიდა და თუ ბერობის ღირსი გახდებოდა, სახელად ტრიფონი ეწოდებოდა. და აი, როგორც კი ყრმა გამოჯანმრთელდა, დედამ ოპტინის უდაბნოში წაიყვანა, შესაგეგებლად გამოსულმა ბერმა მოულოდნელად იქვე მდგომ ხალხს მიმართა: „გზა მიეცით, მღვდელმთავარი მოდის“.

1887 წელს მიიღო რა ბორისმა მშობლებისგან დალოცვა, ოპტინის უდაბნოში ბერ ამბროსისთან მორჩილად დადგა, მანვე აკურთხა მონაზვნობაზე. 1891 წელს ბორისი ბერად აღიკვეცა ტრიფონის სახელით — აღსრულდა დედისეული აღთქმა. სულ მალე მამა ტრიფონი ბერ-დიაკვნად, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად იქნა ხელდასმული. ბერი ამბროსის კურთხევით ტრიფონმა სწავლა დაიწყო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. სწავლის პერიოდში იგი პატიმართა გადასაგზავნ ციხეში მსახურობდა. 1891 წელს მამა ტრიფონმა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა აკადემია და დაიცვა დისერტაცია თემაზე „ძველქრისტიანი და ოპიტნელი ბერები“. მან ხუთი უცხო ენა იცოდა: ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული და ინგლისური. 1895-1901 წლებში მამა ტრიფონი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ზედამხედველი, შემდეგ კი მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. 1901 წლის 18 ივლისს იგი დმიტროვსკის ეპისკოპოსად, მოსკოვის ეპარქიის ქორეპისკოპოსად იკურთხა და ამ თანამდებობაზე 15 წელიწადი მსახურობდა. მქადაგებლობის განსაცვიფრებელი ნიჭის გამო, მორწმუნე მრევლმა მას „მოსკოვის ოქროპირი“ უწოდა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეპისკოპოსი ტრიფონი მოქმედ არმიაში მსახურობდა. პოლონეთის ფრონტზე კონტუზია მიიღო და იძულებული გახდა მოსკოვში დაბრუნებულიყო. 1916 წლიდან აღარ არის რა მოქმედი ეპისკოპოსი, ნოვო–იერუსალიმის აღდგომის მონასტერში მოღვაწეობს. 1917 წელს ფრონტიდან კვლავ ამ მონასტერში დაბრუნდა.

1918 წლიდან მეუფე ტრიფონი მოსკოვში ცხოვრობდა და აღარ მონაწილეობდა ეკლესიის ადმინისტრაციულ საქმეებში.

პატრიარქი ტიხონი მასთან ერთად ხშირად მსახურობდა და 1923 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.

1825 წელს პატრიარქ ტიხონის გარდაცვალების შემდეგ, მთვარაეპისკოპოს ტრიფონის მოღვაწეობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ფორმალურად ითვლებოდა რა პენსიონერად, ის ჭეშმარიტად რუსეთის მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი სულიერი წინამძღოლი იყო. 1931 წელს მისი ეპისკოპოსად მსახურების 30 წლისთავთან დაკავშირებით აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მიტროპოლიტმა ტრიფონმა დაწერა სამადლობელო აკათისტო (დაუჯდომელი) — „გმადლობ შენ ღმერთო ყველაფრისთვის“.

მიტროპოლიტი ტრიფონი გარდაიცვალა 1934 წლის 14 ივნისს. დაკრძალულია მოსკოვის ვვედენსკის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქუთათელაძე ზ., ტრიფონ თურქესტანოვი (1861-1934) : რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.77-78

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება