ტრირის ფრიდრიხ-ვილჰელმის გიმნაზია

ტრირის ფრიდრიხ-ვილჰელმის გიმნაზია (შემოკლებით ეფ-ვე-გე, გერმ. Das Friedrich-Wilhelm-Gymnasium - FWG) არის მეორე საფეხურის სკოლა ქალაქ ტრირში. იგი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი გიმნაზიაა.

გიმნაზია დაარსდა 1561 წელს. იგი წარმოადგენდა იეზუიტთა სკოლას და სახელწოდებაც ლათინურენოვანი ჰქონდა Collegium Trinitas (კოლეგიუმ ტრინიტას), ანუ სამების კოლეგია). იეზუიტების მფლობელობაში ძველი ტრირის უნივერსიტეტიც იყო. ტრირის იეზუიტთა სკოლის ის შენობა, რომელშიც 1614 წლიდან მიმდინარეობდა მეცადინეობები, დღემდე შემორჩენილია, და იგი სასულიერო სემინარიას უჭირავს. იეზუიტებს ეს სკოლა მანამ ეკავათ, ვიდრე 1773 წელს იეზუიტების ამ ორდენს გააუქმებდნენ. ამ დროიდან მოყოლებული გიმნაზია გადავიდა კლემენს ვენცესლავ საქსონიელის მფლობელობაში, რომელიც იყო უკანასკნელი არქიეპისკოპოსი და ტრირის კურფიურსტი.

პირველი კოალიციის ომის დროს, ტრირის ეპარქიის დაშლის შემდეგ, 1794 წელს, ქალაქი ტრირი ფრანგული არმიის ნაწილებმა დაიკავა,1801 წელს კი ქალაქი საფრანგეთის სარის დეპარტამენტის დედაქალაქად გამოცხადდა. მანამდელი კურფიურსტის სკოლას ეწოდა ეკოლ სენტრალი, მოგვიანებით კი - ასევე ფრანგულ ყაიდაზე - კოლეჟი.

ნაპოლეონ პირველის დაცემისა და ტრირის პრუსიის ერთ-ერთი პროვინციის, კერძოდ კი ქვემო რაინის დიდ საჰერცოგოში (1822 წლიდან: რაინის პროვინცია) გაწევრიანების შემდეგ ფრანგულ კოლეჟს ეწოდა პრუსიის სამეფო გიმნაზია. სამეფო გიმნაზიის სახელი ამ სკოლას ოფიციალურად 1858 წელს მიენიჭა.

კაიზერ ვილჰელმის გიმნაზიის (ქალაქის დღევანდელი მაქს პლანკის გიმნაზია) დაფუძნების გამო სამეფო გიმნაზიას 1896 წელს სახელების უკეთ გარჩევის მიზეზით სამეფო გიმნაზიას ისევ შეუცვალეს სახელი პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისადმი პატივისცემის უფრო ნათლად გამოსახატავად და ამჯერად გიმნაზია ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობისა გახდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიული სკოლის შენობა განადგურდა, რის გამოც მეცადინეობა 1946-დან 1961-წლამდე ასევე მეტად დაზიანებულ რაიხის წმინდა მაქსიმინის სააბატოს შენობაში მიმდინარეობდა. 1961 წელს ბოლოსდაბოლოს მოხერხდა გიმნაზიისთვის ახალი შენობის აგება. 2011 წელს გიმნაზიამ არსებობის 450 წლისთავი იზეიმა.

სკოლის პროფილი

რედაქტირება

სკოლაში არსებობს ძველი და ახალი ენების ორი განშტოება. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ 2005-2006 სასწავლო წლებში 5-ე კლასში ინგლისური ენის პარალელურად შემოღებული იქნა ლათინური ენის კურსი. 7-ე და 8-ე კლასებში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ დამატებით აირჩიონ სხვა უცხო ენები. ლათინურისა და ძველი ბერძნულის გარდა, ყველა კლასს აქვს აგრეთვე ინგლისური, ფრანგული და იტალიური ენების შესწავლის საშუალება. გიმნაზიის ბაზაზე ლათინური და ბერძნული ენის კურსების წარმატებით გავლის შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ჩააბარონ სახელმწიფო გამოცდა ლატინუმსა და გრეკუმში, რაც მათ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში გაათავისუფლებს ლათინური და ბერძნული ენების კურსებისაგან.

სკოლას გააჩნია თანამედროვე შესაბამისი კლასები. აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ქსელით, ვიდეო და საკონფერენციო დარბაზით, სპორტული დარბაზით, ტანვარჯიშის დარბაზითა და სპორტული მოედნით.

სკოლა აწარმოებს მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებს ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ლუქსემბურგისა და ავსტრიის სხვადასხვა სკოლებთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება