ტირაჟი
ტირაჟი (ფრანგ. tirage) — ერთი დასახელების ბეჭდური გამოცემის ეგზემპლართა რაოდენობა. ზოგ ქვეყანაში პერიოდული გამოცემების (ჟურნალები, გაზეთები და სხვ.) ტირაჟი გამომცემლობის მიერ განისაზღვრება გამომწერთა რიცხვით; წიგნების, ბროშურების და მისთანათა ტირაჟი დგინდება გამომცემლობის და წიგნით მოვაჭრე ორგანიზაციების მიერ ერთობლივად (გეგმიურ საფუძველზე მკითხველის მოთხოვნის შესწავლის შემდეგ). ზოგ ქვეყანაში კი (მაგ., დასავლეთის ქვეყნები) ტირაჟს პირადად გამომცემელი ადგენს წიგნის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან და მოსალოდნელი მოგებიდან გამომდინარე (როგორც წესი, ტირაჟი არ ეთითება). ჩვეულებრივ განარჩევენ მცირე (15 ათას ეგზემპლარამდე), საშუალო (100 ათას ეგზემპლარამდე) და მასობრივ ტირაჟებს (100 ათას ეგზემპლარზე მეტი). მასობრივი ტირაჟი პოლიგრაფიული სამუშაოების დიდი მოცულობის გამო იბეჭდება ნაწილებად. რომელიმე სახის ლიტერატურის გამოსვლისას ტირაჟი გავლენას ახდენს საავტორო ჰონორარის სიდიდეზე. ჩვეულებრივ გამოცემის ტირაჟი მიუთითებს გამოსასვლელ ცოდნაზე, ანუ რა დონის ინფორმაცია იქნება მოცემული ამ გამოცემაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 723.
- Тираж — Большая Советская Энциклопедия