ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი

ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი (არაბ. تاج الدين الحسني‎, დ. 1885, დამასკო, ოსმალეთის იმპერია — გ. 17 იანვარი, 1943, დამასკო, სირია) — სირიელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ორგზის ეკავა პრემიერ-მინისტრის (1925-1926 და 1934-1936 წწ.) და ასევე ორგზის პრეზიდენტის (1928-1931, 1941-1943 წწ.) თანამდებობა.

ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი
დაბადების თარიღი 1885
დაბადების ადგილი დამასკი
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 1943(1943-01-17)
გარდაცვალების ადგილი დამასკი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
სირიის არაბული სამეფო
State of Damascus
State of Syria
Second Syrian Republic
მამა Muḥammad Badr al-Dīn Ḥasanī

ბიოგრაფია რედაქტირება

 
სირიის პრეზიდენტი ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი (მარცხნივ)

ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი დაიბადა და გაიზარდა რელიგიურ ოჯახში. შეისწავლა ისლამური ღვთისმეტყველება და გახდა მამამისის თანაშემწე. 1916 წელს გახდა ყოველდღიური გაზეთის „აშ-შარკის“ (აღმოსავლეთი) რედაქტორი, რომელსაც გამოსცემდა ოსმალეთის გუბერნატორი სირიაში ჯამალ-ფაშა.

1918 წელს მამამისმა პირადი ვიზიტით გააგზავნა მეფე ფეისალ I-თან, პირველ პოსტოსმალური სირიის პირველ მეფესთან, რათა ესაუბრათ სირიაში მუსულმანური დაწესებულებების საჭიროების შესახებ. მეფე მოიხიბლა ალ-ჰასანის მჭერმეტყველებით და 1920 წელს დანიშნა სამეფო სასახლის დირექტორად. მაგრამ 1920 წლის ივლისში ფრანგ კოლონიზატორებთან ერთად მონაწილეობდა მეფე ფეისალის გადადგომის საქმეში. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა პარიზში და საიდუმლო ურთიერთობა დაამყარა საფრანგეთის ხელისუფლებასთან, საკუთარი პოლიტიკური კარიერის წინსვლისთვის.

1928-1931 წლებში პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელია, მაგრამ ყველა თავის მოქმედებას და გადაწყვეტილებას უთანხმებდა ბეირუთში საფრანგეთის უმაღლეს კომისარს. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ შეიცვალა სამი მთავრობა. მისი მთავრობის იმიჯი შეირყა კორუფციული სკანდალების გამო. მისმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ეროვნული ბლოკიდან მას ბრალი დასდო ამომრჩეველთა ბიულეტენების გაყალბებაში.

1932 წელს ანტიკოლონიური ზეწოლის გაძლიერების გამო საფრანგეთის ხელისუფლება გაერიდა არჩევნებს და მათი მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ალ-ჰასანი დამარცხდა.

1934 წელს ფრანგებმა პრეზიდენტი მუჰამად ალი ალ-აბიდი დაარწმუნეს, რომ ალ-ჰასანი დაენიშნა პრემიერ-მინისტრად. ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც სირიის ყველა ქალაქს მოედო. დემონსტრანტები მას ბრალს სდებდნენ ღალატში და სკანდირებდნენ შესაბამისი ლოზუნგებით. ალ-ჰასანის მთავარი მოწინააღმდეგე, ეროვნული ბლოკი, სათავეში ჩაუდგა საერთო ეროვნულ გაფიცვას, რომელიც სამოცი დღე გრძელდებოდა, მისი გადადგომისა და სირიის დამოუკიდებლობის ლოზუნგებით. ამის საპასუხოდ ხელისუფლებამ მრავალი აქტივისტი დააკავა და გააგზავნეს სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე ციხეებში. ასევე დააკავეს ეროვნული ბლოკის ბევრი აქტივისტი. მიუხედავად რეპრესიებისა საფრანგეთის ხელისუფლებამ ალ-ჰასანი 1936 წელს გადააყენა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობდა 1941 წლამდე. ინგლისურ-ფრანგული ინტერვენციის შედეგად ეროვნული ბლოკის დამარცხების შემდეგ შარლ დე გოლმა ალ-ჰასანი პრეზიდენტად დანიშნა. მისი პრეზიდენტობიდან 8 დღეში სირიამ საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შარლ დე გოლმა პირობა დადო ევროპაში საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე სრულიად გაიყვანდა ჯარს სირიიდან. საფრანგეთმა მიიღო უფლება შეენარჩუნებინა სამხედრო ბაზები და როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური პრივილეგიები სირიაში. ალ-ჰასანი ცდილობდა გამიჯვნოდა საფრანგეთს და დაახლოება დაიწყო ეროვნული ბლოკის წევრებთან. ცდილობდა აღედგინა 1936-1939 წლების დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, მაგრამ უშედეგოდ.

1947 წლის 17 იანვარს ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Sami Moubayed «Steel & Silk: Men and Women Who Shaped Syria 1900—2000» (Cune Press, Seattle, 2005).