ტაჯიკური სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტაჯიკურ სამზარეულოს ბევრი აქვს საერთო რუსულ, ავღანურ, ირანულ და უზბეკურ სამზარეულოებთან. ტაჯიკეთშიც, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში, ეროვნული კერძი ფლავია. მას ასევე ოშსაც უწოდებენ. ეროვნული სასმელი კი მწვანე ჩაია.

ტაჯიკური სუფრა

ჩვეული კერძები

რედაქტირება
 
ქურუთობის ჭამის ტრადიციული მეთოდი

ფლავი ანუ ოში ბრინჯის კერძია, რომელიც დაქუცმაცებული ყვითელი თალგამის ან სტაფილოსა და ხორცის ნაჭრებისგან შედგება. ეს ყველაფერი სპეციალურ სქელძირიან თუჯის ქვაბში - კაზანში იწვება, რომელიც ღია გარემოში ცეცხლზეა შემომდგარი. შესაწვავად ბოსტნეულის ცხიმს ან ცხვრის ქონს ხმარობენ. ხორცს კუბიკებად ჭრიან, სტაფილოები სიგრძივად ნატიფადაა დაჭრილი, ბრინჯს კი ყვითელ ან სტაფილოსფერ იერს ცხიმი და შემწვარი სტაფილო ანიჭებს. კერძი იდება ერთ დიდ საერთო თეფშზე, რომელსაც სუფრის შუაში ათავსებენ და სუფრის წევრები მას ტრადიციულად ხელით მიირთმევენ.

კიდევ ერთი ტრადიციული კერძი, რომელიც ისევ ხელით იჭმევა კურუტობია. მისი სახელი კერძის მომზადებას აღწერს: ქურუთი (მარილიანი ყველის გამომშრალი ბურთულები) წყალში იხსნება (ობ - ტაჯიკურად წყალი) და შემდეგ მას თხელ, ბრტყელ პურზე მოასხამენ. სუფრაზე მორთმევამდე კერძს ზემოდან მოხრაკულ ხახვსა და სხვა ბოსტნეულს უმატებენ. ქურუთობი ეროვნულ კერძად მიიჩნევა.

კერძებს ყოველთვის თან ახლავს ბრტყელი პურის ნაირსახეობა ნონი. ის მთელს ცენტრალურ აზიაშია გავრცელებული. თუ ტაჯიკს საჭმელი აქვს, მაგრამ არ აქვს ნონი, ის აუცილებლად იტყვის რომ საჭმელი გამოელია. თუ ნონი ძირს დავარდება, ტაჯიკები მას აიღებენ და გლახაკებისთვის ან ჩიტებისთვის შემაღლებულ ადგილას დადებენ. ხალხური თქმულების თანახმად, ნონის ამოტრიალებული დადება არ შეიძლება, რადგან ეს უიღბლობას მოიტანს. იგივე მოხდება თუ ნონს თავზე მეორე ნონის გარდა სხვა რაიმეს დავადებთ.[1]

ტრადიციული ტაჯიკური სუპები შურბო და პიტი ხორცითა და ბოსტნეულით მზადდება. ასევე შეხვდებით ხორცითა და ატრიით მომზადებულ წვნიანებსაც, როგორებიცაა ლაგმონი და უგრო. სხვა პოპულარულ ტაჯიკურ კერძებს მიეკუთვნება: მანტი (მოხარშული ცომში გახვეული ხორცები), თუშბერა (იგივე პელმენი), სამბუსა (სამკუთხა ფორმის ღვეზელი, რომელსაც უმეტესად ხორცისა და ხახვის შიგთავსი აქვს, თუმცა შეიძლება იყოს გოგრისა და ხახვის შიგთავსითაც. სამბუსა თონეში ცხვება) და ბელიაში (ასევე ღვეზელი, რომელსაც შიგნით გატარებული ხორცი აქვს).

საბჭოთა და ტაჯიკურ სამზარეულოებს ერთმანეთზე აქვთ გავლენა მოხდენილი.[2]

ზაფხულის პროდუქტი

რედაქტირება

ზაფხულობით ტაჯიკეთში ხილის სიჭარბეა. აქაური ყურძენი და ნესვი მთელს საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი. ბაზრებში ასევე შეხვდებით ბროწეულს, გარგარს, ქლიავს, ატამს, ვაშლს, მსხალს, ლეღვსა და ხურმას.

 
ტრადიციული ნონების ნაკრები

ჩაი როგორც წესი ყველა კერძს ახლავს თან. მას ასევე ხშირად სთავაზობენ სტუმრებს სტუმართმოყვარეობის ნიშნად. ის სუფრასთან ჩინური ფაიფურის ქოთნითაა მორთმეული. მას შაქარს უმატებენ და პიოლებით მიირთმევენ. პიოლა ეს პატარა, უყურო ფინჯანია, რომელსაც ლამბაქი არ აქვს. ჩაის საყოველთაო პოპულარობის გამო, ყველაზე ხშირად ტაჯიკები ჩოიხონაში ანუ საჩაიეში იკრიბებიან. ეს უკანასკნელი დასავლური ტიპის ყავის სახლს, ანუ კაფეს წააგავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • (in Russian) Tajik Cooking, Irfon Publ. House, Dushanbe, 1991
  • (in Russian) Vahob Khojiev, Traditional and Modern Tajik Cooking, Irfon Publ. House, Dushanbe, 1990
  1. Cuisine of Tajikistan tajikistan.orexca.com.
  2. Long, Katherine. Everyone Loves Lenin Roads & Kingdoms.