ტარაკანები

(გადამისამართდა გვერდიდან ტარაკანა)

ტარაკანები (ლათ. Blattodea) — მწერების რიგი; ახასიათებს არასრული გარდაქცევა. მათი ბრტყელი ან ოვალური სხეულის სიგრძე 4 მმ—9,5 სმ აღწევს. აქვთ სამკუთხა თავი, რომელიც დაფარულია ფარისებრი წინა ზურგით, მღრღნელი ტიპის პირის ორგანოები, მრავალნაწევრიანი, ჯაგრისები ულვაშები, მკვრივი ზედა და სიფრიფანა ქვედა ფრთები. სარბენი ფეხები, 5-ნაწევრიანი თათები, 8—10-ნაწევრიანი ბრტყელი მუცელი ბოლოზე გრძელი ცერკებით, მთლიანად ჩამალული კვერცხსადები. ბინადრობს ტყეში, გამხმარი ხეების, ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ, მღრღნელების სოროებში, ადამიანის საცხოვრებელ ბინებში (სინანთროპული ორგანიზმები). კვერცხებს დებენ სპეციალურ კაფსულებში — ოოთეკებში. ზოგიერთი ტროპიკული სახეობა ცოცხლადმშობია. მატლების განვითარება რამდენიმე თვიდან (Blattella germanica) 4 წლამდე (Blatta orientalis) გრძელდება. იკვებებიან ცხოველური და მცენარეული ნარჩენებით. ტარაკანები აბინძურებენ საკვებ პროდუქტებს, აზიანებენ ტყავის ნაწარს, წიგნის ყდებს, ოთახისა და სათბურის მცენარეებს. ზოგი ტარაკანები ინფექციური დაავადების (მაგ. დიზენტერიის), პარაზიტული ჭიების კვერცხების გადამტანია. ნამარხი ტარაკანები ცნობილია ქვანახშირის პერიოდიდან (დაახლოებით 3000 სახეობა). ტარაკანები ბევრია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში გვხვდება ტარაკანების 8 სახეობა (ამერიკული ტარაკანები, შავი ტარაკანები, ქარცი ტარაკანები და სხვა).

ტარაკანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ტარაკანები
ლათინური სახელი
Blattodea
Blaberus giganteus

ლიტერატურა

რედაქტირება