ტალინის დაბომბვა მეორე მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიოს ომის დროს, ესტონეთის დედაქალაქი ტალინი იბომბებოდა საბჭოთა საჰაერო ძალებისა და გერმანული ლუფტვატეს მიერ. ლუფტვატეს მხრიდან პირველი დაბომბვა განხორციელდა 1941 წლის ზაფხულის ომში, რომელიც ოპერაცია ბარბაროსას ნაწილს წარმოადგენდა. ამას 1942–1944 წლებში მოჰყვა საბჭოთა დაბომბვების სერიები გერმანიის მიერ ოკუპირებულ მაშინდელ ტალინში.

ჰარჯუს ქუჩა ტალინის ძველ ქალაქში საბჭოთა დაბომბვის შემდეგ 1944 წლის მარტში.
ცეცხლმოკიდებული შენობა ტალინის მერიის მოედანზე, 1944 წლის 9/10 მარტის ღამეს.

უმსხვილესი საბჭოთა დაბომბვა განხორციელდა 1944 წლის 9–10 მარტს, ნარვას ბრძოლის დროს, რაც ცნობილია, როგორც მარტის დაბომბვა (ესტ. märtsipommitamine). მას შემდეგ, რაც საბჭოთა დივერსანტებმა გადაკეტეს წყლის მარაგი, დაახლოებით ათასზე მეტი ცეცხლგამჩენი ბომბი ჩააგდეს ქალაქში, რამაც გამოიწვია მასიური ცეცხლი და 757 ადამიანის სიკვდილი, საიდანაც 586 სამოქალაქო, ხოლო 75 ომის ტყვე იყო. გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაიჭრა 659, ხოლო 20 000-ზე მეტი ადამიანი დარჩა თავშესაფრის გარეშე.

საბჭოთა დაბომბვებმა ხანგრძლივი ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მეხსიერება და სიბრაზე შემოიანახა ესტონეთის სამოქალაქო მოსახლეობას შორის.

ლუფტვატეს სამხედრო მოქმედებები 1941 წელს

რედაქტირება

1940 წელს ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის დაპყრობის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა კონტროლი დაამყარა გარკვეული რაოდენობის საზღვაო ბაზებზე ბალტიის ზღვაში, მათ შორის, ტალინში.[1] სანამ 1941 წელს გერმანული ინტერვენცია პროგრესირებდა სამხრეთით, კერძოდ, ბალტიის ზღვის გავლით, ლუფტვატემ განახორციელა საჰაერო შეტევები საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად საზღვაო ბაზებზე.[1] 1941 წლის აგვისტოსთვის, ყველაზე დასავლეთური საბჭოთა საზღვაო ბაზა განთავსებული იყო ტალინში, რომელიც გერმანული საჰაერო ძალებისთვის მთავარი სამიზნე გამოდგა.[1] ლუფტვატემ ტალინის დაბომბვა წამოიწყო 1941 წლის ივნისში დაწყებული ომის პირველივე დღეებიდან და შეტევები გაახშირა აგვისტოში, როცა საბჭოელები შეეცადნენ ქალაქის მაცხოვრებლების, ბალტიის ფლოტის ნაწილების, მე-8 არმიის ფორმირების და ომის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული აქტივების ევაკუაციას. საბჭოთა ძალებმა დაკარგეს კონტროლი ესტონეთზე 1941 წლის ზაფხულში, როდესაც გერმანელებმა თანდათანობით დაიწყეს ქვეყნის ოკუპაცია.[2]

საბჭოთა სამხედრო მოქმედებები 1942–1944 წლებში

რედაქტირება

1942 წლის მაისსა და სექტემბერში საბჭოთა საჰაერო ძალებმა რამდენჯერმე დაბომბეს გერმანიის მიერ ოკუპირებული ტალინი. მომდევნო წლის განმავლობაში, მორიგი საბჭოთა დაბომბვების სერიები განხორციელდა თებერვალში, მარტში, მაისში, აგვისტოსა და 1943 წლის სექტემბერში.[2]

1944 წლის თებერვალში, გერმანელებმა დაიწყეს საკვების, მარაგების და სარეზერვო ნაწილების შენახვა ესტონეთში ფრონტის ხაზებისთვის.[3] ტალინის პორტი მთავარი ტერმინალი გახდა გერმანელთა საქონლის ტრანსპორტირებისა და ფრონტის ხაზების მომარაგებისთვის.[3] ტალინში გერმანელთა აქტიურობის ზრდის გამო, საბჭოთა საჰაერო ძალებმა დაიწყეს ქალაქის მიზანში ამოღება, რათა დაბომბვებით დაესუსტებინათ გერმანია.[3]

1944 წლის 9–10 მარტში დაიწყო ყველაზე მასიური და გამანადგურებელი საბჭოთა საჰაერო შეტევები. ერთი კვირით ადრე, ტალინის მერმა გასცა ბრძანება, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს ქალაქი დაეტოვებინათ, მაგრამ ევაკუაცია ჩაიშალა, რადგან შეტევის სიმძლავრე ადგილობრივი მოსახლეობისა და გერმანიის ჩრდილოეთ არმიის ჯგუფის მოლოდინებს ჩამორჩებოდა. დილის 6:30–9:00 საათებში პირველი შეტევის შედეგად, 300-მა ბომბდამშენმა ჩამოაგდო 3 068 ბომბი, 1 725 ასაფეთქებელი და 1 300 ცეცხლგამჩენი.[4][5] ბომბდამშენებმა ქალაქს კიდევ ერთხელ შეუტიეს დილის 2 საათზე.[3] სახანძრო ბრიგადები უჩიოდნენ წყლის ნაკლებობას, რადგან საბჭოთა დივერსანტებმა ააფეთქეს ქალაქის სატუმბო სადგური საჰაერო თავდასხმის წინა პერიოდში. ხისგან ნაშენები გარეუბნები მალევე დაიწვა და ქალაქის ცენტრმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. საბოლოო ჯამში, ტალინის შენობების დაახლოებით 20 პროცენტი პირისაგან მიწისა აღიგავა.[3]

სამხედრო ზარალი უმნიშვნელო იყო, რადგან რამდენიმე სამხედრო დაწესებულება და საწყობი განადგურდა. მთავარი სამხედრო დანაკარგი იყო მილიონი ლიტრი საწვავის განადგურება საცავში. გარკვეული სამხედრო მნიშვნელობის საწარმოებიდან განადგურდა „ლუთერის“ პლაივუდის ქარხანა და ურანია-ვერკეს საკაბელო ქარხანა. ბომბების უმეტესობა ჩამოცვივდა მოქალაქეებისა და საჯარო შენობების თავზე, მათ შორის, ესტონურ თეატრზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიაზე, ქალაქის სინაგოგაზე, ოთხ კინოთეატრზე და ქალაქ ტალინის არქივებზე.[6]

ოფიციალური უწყების თანახმად, 757 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 586 იყო სამოქალაქო პირი, 50 – სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 121 – სამხედრო ტყვე. 213 პირმა მიიღო სერიოზული, 446-მა პირმა კი უმნიშვნელო დაზიანებები. დაზარალებულებს შორის იყო 65 სამხედრო მოსამსახურე და 75 სამხედრო ტყვე. მოგვიანებით, უფრო მეტი მსხვერპლი აღმოაჩინეს და დაღუპულთა რაოდენობამ მიაღწია 800-ს.[5] 20 000-ზე მეტი ადამიანი დარჩა თავშესაფრის გარეშე გაზაფხულის დნობის პირობებში, მაშინ, როცა სამხედრო ობიექტები თითქმის ხელშეუხებელი იყო.[4][7] დაბომბვის შემდეგ, ფინეთის საჰაერო ძალების ბომბდამშენები დაუყოვნებლივ გაყვნენ უკან საბჭოთა ბომბდამშენებს და ლენინგრადის მახლობლად დაბომბეს სამი სამხედრო ბაზა.[8] თავდასხმის დროს, საბჭოთა თვითმფრინავები ტალინში ჩამოაგდეს, ხოლო დამატებით ათი თვითმფრინავი იმავე ღამეს გაანადგურეს ფინეთის საჰაერო ძალებმა (Ilmavoimat).[3]

სამოქალაქო მსხვერპლის მაღალი რიცხვისა და სამხედრო-სტრატეგიური ინსტალაციების დაბალი ხარისხის დაზიანების მიუხედავად, წყაროები ვერ თანხმდებიან, იყო თუ არა საბჭოთა დაბომბვების მიზანი საბჭოთა ოკუპაციის მოწინააღმდეგე ადგილობრივი მოქალაქეების მორალის განადგურება.[3][5][7][9] საბჭოთა ზრახვების მიუხედავად, სამხედრო მოქმედებების შედეგად სამოქალაქო მსხვერპლის მაღალმა დონემ მნიშვნელოვნად გაზარდა საბჭოთა არმიის მიმართ ესტონელი ხალხის მტრული განწყობა. 27 თებერვალს, საბჭოთა თვითმფრინავებმა ლუუნიის მუნიციპალიტეტის სკოლა დაბომბეს და ეზოში მოთამაშე 4 ბავშვი შეიწირეს. მათი დაკრძალვის თარიღი სამახსოვრო ეროვნულ დღედ იქცა, რომელსაც მიუძღვნეს ჰენრიკ ვისნაპუუს პოემა "Uus Herodes" („თანამედროვე ჰეროდე“).[10] უფრო მეტი ესტონელი გრძნობდა იმას, რომ ებრძოლა საბჭოთა წინსვლის წინააღმდეგ.[9][11] სლოგანი:[10]

Varemeist tõuseb kättemaks! (შურისძიება აღდგება ნანგრევებიდან!)

ეს სლოგანი დაიწერა ესტონეთის თეატრის დანგრევის გამო და 20th Waffen Grenadier Division of the SS (1st Estonian)-ის გაზეთის სახელწოდება გახდა.[10]

უკანასკნელი საბჭოთა დაბომბვა ტალინში დაიწყო 1944 წლის 22 სექტემბრის ღამეს.[2]

მემორიალი

რედაქტირება

ძველ ქალაქში, ჰარჯუს ქუჩის გასწვრივ არსებული ნანგრევები, დაბომბვის მსხვერპლთა მემორიალად იქცა; მაგრამ 2007 წელს აღადგინეს და დიდი სიფრთხილით ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შემდეგ, ნანგრევების ზემოთა ნაწილზე გააშენეს სკვერი. [საჭიროა ციტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 The Soviet Dunkirk: The Tallinn Offensive en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-03. ციტირების თარიღი: 2018-03-21
  2. 2.0 2.1 2.2 Estonia en. ციტირების თარიღი: 2018-03-21
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Estonica.org – Bombing of Tallinn in March 1944 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-17. ციტირების თარიღი: 2018-03-21
  4. 4.0 4.1 (1997) Tallinn tules. Dokumente ja materjale Tallinna pommitamisest 9/10. märtsil 1944. (Tallinn on Fire. Documents and materials on the bombing of Tallinn 9/10 March 1944.) (et). Tallinn City Archives. 
  5. 5.0 5.1 5.2 Toomas Hiio (2006). „Combat in Estonia in 1944“, Estonia 1940–1945: Reports of the Estonian International Commission for the Investigation of Crimes Against Humanity. Tallinn, გვ. 1035–1094. 
  6. Tallinn City Archives. (20 April 2012) History of the Tallinn City Archives. ციტირების თარიღი: 26 April 2012
  7. 7.0 7.1 (2005) „Survey of Occupation Regimes“, The White Book: Losses inflicted on the Estonian nation by occupation regimes. 1940–1991 (PDF), გვ. 18.  დაარქივებული 2013-01-14 საიტზე Wayback Machine.
  8. Jaakkonen, Pasi. (2016-03-25) Lentorykmentti 4:n pommikoneet nousivat vihollisen siivelle fi. Sanoma Media. ციტირების თარიღი: 2016-06-07
  9. 9.0 9.1 Laar, Mart (2005). „Battles in Estonia in 1944“, Estonia in World War II. Tallinn: Grenader, გვ. 32–59. 
  10. 10.0 10.1 10.2 Mart Laar (2006). Sinimäed 1944: II maailmasõja lahingud Kirde-Eestis (Sinimäed Hills 1944: Battles of II World War in Northeast Estonia) (et). Tallinn: Varrak. 
  11. A.Aasmaa (1999). Tagasivaateid.(Looking Back. In Estonian) In: Mart Tamberg (Comp.). Eesti mehed sõjatules. EVTÜ, Saku