ედვარდ ტაილორი

(გადამისამართდა გვერდიდან ტაილორი, ედვარდი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედვარდ ბერნეტ ტაილორი (Sir Edward Burnett Tylor) (2 ოქტომბერი, 1832 - 2 იანვარი 1917) — ევოლუციონიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ინგლისელი მეცნიერი სოციალური ანთროპოლოგიის ფუძემდებელი.

ედვარდ ბერნეტ ტაილორი.

ედუარდ ტიალორმა განათლება ტოტენჰემში, გროუვ ჰაუზში (Grove House) მიიღო. 1848 წელს მამამისის ჯოზეფ ტაილორის ბიზნესს შეუერთდა, თუმცა ოცი წლის ასაკში იძულებული გახდა შეეცვალა პროფესია. 1855-1856 წლებში იგი ამერიკაში მოგზაურობდა, 1856 წელს კუბაზე გაემგზავრა. კუბასა და მექსიკაში იგი ეთნოლოგ ჰენრი კრისტისთან ერთად მოგზაურობდა. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა ტაილორი ანთროპოლოგიური მეცნიერებით.

  • 1871 წელს სამეფო საზოგადოების წევრად იქნა არჩეული
  • 1875 წელს მიენიჭა ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
  • 1883 წლიდან ხელმძღვანელობდა იმავე უნივერსიტეტის მუზეომს
  • 1884 წლიდან ხელმძღვანელობდა ანთროპოლოგიურ ჟურნალს (Reader in Anthropology)
  • 1896 წელს ოქსფორდის ანთროპოლოგიის პროფესორის წოდება მიენიჭა
  • 1912 წელს მიენიჭა სერის (რაინდის) წოდება


კაცობრიობისა და კულტურის განვითარების კვლევა

რედაქტირება

1865 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი გამოკვლევები კაცობრიობის ძველი ისტორიის სფეროში (Researches into the Early History of Mankind and the Development of Civilization), რომელშიც ავითარებდა კულტურის პროგრესული განვითარების იდეას ველურობის ეპოქიდან ცივილიზაციამდე. ცალკეული ხალხების ყოფისა და კულტურის განსხვავების მიზეზად ე. ტაილორი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მათ ყოფნას ასახელებს. კულტურული არსებობის ფორმების ნაირსახეობა მას წარმოედგინა როგორც თანდათანობითი განვითარების სტადიები, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს წარსულის პროდუქტს და, თავის მხრივ, ასრულებს გარკვეულ როლს მომავლის ფორმირებაში. განვითარების ეს თანმიმდევრული სტადიები აკავშირებს ერთმანეთთან ერთ უწყვეტ რიგად ყველა ხალხს და კაცობრიობის ყველა კულტურას, უდაბლესიდან უმაღლესამდე.

კულტურის განვითარების ევოლუციონისტური კონცეფცია ე.ტაილორმა ყველაზე სრულად ჩამოაყალიბა ცნობილ ნაშრომში „პირველყოფილი კულტურა“ (Primitive Culture, ''1871''). კულტურის პროგრესული განვითარების იდეას იგი უპირისპირებდა გრაფ ჟ.დე მესტრის თეორიას, რომელიც მიიჩნევდა, რომ დედამიწაზე კულტურის ისტორია იწყება ადამიანთა ნახევრადცივილიზებული რასის გაჩენიდან. ამ დროიდან კულტურის განვითარება ორი გზით წარიმართა: უკან, ველურთა საზოგადოებისაკენ და წინ, ცივილიზაციისაკენ. ეს თეორია ცდილობდა კრეაციონისტული კონცეფციის ზოგიერთი წინააღმდეგობის შერბილებას. ამ კონცეფციის მიხედვით, ადამიანი კულტურის გარკვეული დონით შეიქმნა. ადამის ძენი მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ, მათი შთამომავლები ნოეს კიდობანს აგებდნენ და ბაბილონის გოდოლის აშენებას ცდილობდნენ. მაგრამ მაშინ საიდან გაჩნდნენ ველური მონადირენი და მეთევზენი? - ისინი თანდათან დეგრადირდებოდნენ და უდაბლესი განვითარების კულტურის მატარებლებად იქცნენ.

საყოველთაოდ ცნობილია კულტურის ტაილორისეული განსაზღვრება: კულტურა, ანუ ცივილიზაცია, ფართო ეთნოგრაფიული აზრით, შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებათა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევებისაგან, რომლებიც აითვისა ადამიანმა როგორც საზოგადოების წევრმა.

კულტურის განვითარებას ტაილორი განიხილავდა როგორც ადამიანის გონებისა და შრომის პროდუქტების თანდათანობით განვითარებას მარტივიდან რთულისაკენ, მემკვიდრეობითობის აუცილებელი შენარჩუნებით. ამ გზას გაივლის როგორც მატერიალური კულტურის ელემენტები, ისე ყველა იდეა, დოქტრინა, კანონი, მხატვრული ნაწარმოები თუ სულიერი კულტურის ნებისმიერი სხვა გამოხატულება. მექანიკური ინსტრუმენტების ევოლუციის მაგალითად ტაილორი ასახელებდა შუა საუკუნეების ასტროლაბს, რომელიც თანდათან იქცა კვადრანტად, შემდეგ კი უფრო სრულყოფილ სექსტანტად. კაცობრიობის ყველა დიდი გონება და ტალანტი სრულყოფს წინამორბედთა შემოქმედებას და ეყრდნობა მას. იდეათა და საგანთა გარდაქმნის ეს უწყვეტი „ჯაჭვი“ აისახება და ქმნის ე.წ. „სემიოტურ მწკრივებს“.

„კაცობრიობის ისტორია ბუნების ისტორიის ნაწილი, ან, შეიძლება ითქვას, ნაწილაკია და ადამიანის აზრები, მისწრაფებანი და მოქმედებანი ისეთსავე მკაფიოდ განსაზღვრულ კანონებს ექვემდებარება, როგორც ის მოვლენები, რომლებიც განაპირობებენ ტალღების მოძრაობას, ქიმიურ ელემენტთა კავშირს, მცენარეთა და ცხოველთა ზრდას“, - წერდა ტაილორი. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა ევოლუციის, მარტივიდან რთულისაკენ განვითარების თანდათანობით ხასიათს.

ევოლუციონისტური მიდგომა რეგრესის შესაძლებლობის დაშვებით

ე.ტაილორი არ გამორიცხავდა კულტურაში რეგრესულ ცვლილებათა შესაძლებლობას, ისტორიული ან ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მაგისტრალურ მიმართულებას კაცობრიობის ისტორიაში წარმოადგენს კულტურის ევოლუციური პროგრესული განვითარება. მისი აზრით, ამას ადასტურებს მრავალი ცნობილი ფაქტი, რომლებიც თანმიმდევრულად შეიძლება დალაგდეს მხოლოდ განსაზღვრული, და არა საპირისპირო მიმართულებით. ტაილორი თვლიდა, რომ ყველა კულტურა გაივლის განვითარების დაახლოებით იგივე სტადიებს, რაც განვლეს ცივილიზებულმა (ევროპელმა) ხალხებმა: უმეცრებიდან განათლებისაკენ, როცა სულ უფრო მეტ როლს შეასრულებს რაციონალისტური მეცნიერება და იდეოლოგია.


კვლევის მეთოდიკა

რედაქტირება

ტაილორი ცდილობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეთოდების გამოყენებას, რომლებიც მას მისაბაძად მიაჩნდა, განსაკუთრებით - სისტემატიზაციის სფეროში. კვლევის ერთეულს მისთვის წარმოადგენდა კულტურის ცალკეული ელემენტები: მატერიალური კულტურის ცალკეული კატეგორიები (შრომის იარაღი, მშვილდ-ისარი, ქსოვილი თუ სხვ.) და სულიერი კულტურის მოვლენები (მითი, მსხვერპლშეწირვა, რიტუალები და ა.შ.).

კვლევის პროცესში ტაილორი ფართოდ იყენებდა „გადმონაშთების მეთოდს“. გადმონაშთს იგი განმარტავდა როგორც „იმ რიტუალებს, ზნე-ჩვეულებებს, შეხედულებებს და ა.შ., რომლებიც, ჩვეულების ძალით გადმოტანილნი კულტურის ერთი სტადიიდან მეორე, უფრო გვიანდელში, რჩებიან წარსულის ცოცხალ მოწმობად ან ძეგლად“. ასეთ გადმონაშთებს იგი მრავლად ხედავდა მისი თანამედროვე ევროპის ხალხთა ყოფაში. ტაილორი მიიჩნევდა, რომ გადმონაშთებზე დაყრდნობით შესაძლებელია ძველი კულტურების რეკონსტრუქცია.

ტაილორი რელიგიის ანიმისტური თეორიის (სულის რწმენაზე დამყარებული წარმოდგენები) ავტორია. მის მიერ ჩამოყალიბებულ იქნა კიდევ რიგი პრობლემებისა, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობას კულტურათა შესწავლისათვის.


ძირითადი შრომები

რედაქტირება
  • Anahuac, or Mexico and the Mexicans, Ancient and Modern (1861)
  • Researches into the Early History of Mankind (1865)
  • Primitive Culture (1871, ხელახლა გამოც. 1958)
  • Anthropology (1881)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედვარდ_ტაილორი“-დან