ტაიკა
ტაიკა (იაპ. 大化, სიტყვასიტყვით — დიდი ცვლილება) — იმპერატორ კოტოკუს (645-654) გამგებლობის პირველი ნახევრის წლების (645-650) სახელწოდება იაპონურ ოფიციალურ წელთაღრიცხვაში. ამ წლებში ჩატარდა რიგი რეფორმები, რომლებიც ისტორიულ ლიტერატურაში „ტაიკის გადატრიალებით“ ან „ტაიკის რეფორმებითაა“ ცნობილი. ამ რეფორმების შედეგად იაპონიაში შეიქმნა ადრინდელი ფეოდალური ცენტრალიზებული სახელმწიფო. მთელი მიწა სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა და მეთემეებს აძლევდნენ ნადელის სახით. გლეხებს უნდა გადაეხადათ მძიმე გადასახადი და შეესრულებინათ შრომითი ბეგარა. აგრარულ ურთიერთობათა სფეროში ცვლილებებს თან ახლდა სახელმწიფო გამგებლობის ძლიერი ცენტრალიზებული აპარატის შექმნა, გვარტომობრივი წყობის გადმონაშთების ლიკვიდაცია, „ტაიკის რეფორმები“ იურიდიულად გაფორმდა ტაიჰორიოს კოდექსში (701).