ტაბაწყურის წითელი ეკლესია

სტატია ეხება ტაბაწყურის წითელ ეკლესიას

ტაბაწყურის წითელი ეკლესია, აგრეთვე ცნობილია, როგორც წითელი საყდარიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაბაწყურში. ეკლესია აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში[1]. სხვა წყაროებით ტაბაწყურის წითელი საყდარი X საუკუნის ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია[2].

ეკლესია დარბაზულია. გეგმით წარმოადგენს მართკუთხედს. ეკლესია ნაგებია ჟანგისფერი-წითელი ფერის თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ტაძარი ნათდებოდა დასავლეთის და აღმოსავლეთის თითო თაღოვანი სარკმელით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის კონქი მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრია, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. ქვედა საფეხურიდან დეკორატიული თაღები გადადის. ეკლესიის დასავლეთის ფასადზე რელიეფური გამოსახულებებია. სარკმლის თავზე წმინდა მხედრების ნადირობის სცენაა მოცემული, მის გვერდით - დანიელი ლომების ხაროში და ასევე ორფიგურიანი კომპოზიცია მოჩარჩოებული ყურძნის მტევნებით. საკურთხეველში დასვენებულია აღმოსავლეთი სარკმლის თავსართი ყურძნის ხვეულით ფლანკირებული ჯვრის გამოსახულებით.

ტაბაწყურის წითელ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11089