სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი — მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელი თბილისში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | მოლოდინზე მეტი |
დაფუძნდა | 2002 |
ატარებს სახელს | სულხან-საბა ორბელიანი |
ტიპი | კერძო |
რექტორი | ვაჟა ვარდიძე |
მისამართი | კ. ქუთათელაძის ქ. №3, თბილისი, 0186 |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი | (+995 32) 2 42 22 42 |
ფერები | |
მეტსახელი | საბაუნი |
sabauni.edu.ge |
ისტორია
რედაქტირებასულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საბაუნი) დაარსდა 2002 წელს. იმ დროისთვის უნივერსიტეტის სახელწოდება იყო „სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ფილოსოფიის, თეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი“, სადაც მოქმედებდა მხოლოდ თეოლოგიის ფაკულტეტი. ფაკულტეტზე ისწავლებოდა ფართო პროფილის ქრისტიანული ღვთისმეტყველება, იმართებოდა საერთაშორისო სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები. უნივერსიტეტი ამზადებდა და გამოსცემდა საღვთისმეტყველო, ფილოსოფიურ, ისტორიულ წიგნებისა და სახელმძღვანელოებს. თანდათან ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.
2009 წელს უნივერსიტეტმა მოიპოვა მორიგი ინსტიტუციური ავტორიზაცია. იმავე წელს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულს შეემატა სამართლის ფაკულტეტი, ხოლო თეოლოგიის მიმართულებას საბაკალავრო პროგრამის გარდა (ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფარგლებში) დაემატა სამაგისტრო პროგრამა. 2012-2013 სასწავლო წლიდან, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამას დაემატა დამატებითი სპეციალობა (მაინორი) კულტურული ტურიზმი. 2013-2014 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში ამოქმედდა ახალი აკრედიტებული პროგრამები: ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა (ტურიზმის ფაკულტეტი), ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (ბიზნესის ფაკულტეტი). 2014-2015 სასწავლო წლისათვის ამოქმედდა სამართლის სამაგისტრო პროგრამა (სამართლის ფაკულტეტი). 2016-2017 წელს კი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკრედიტაცია მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამამ. 2017-2018 წელს კი აკრედიტაცია მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ (ბიზნესის ფაკულტეტი).
2018 წელს აკრედიტაცია მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანმა პროგრამამ.
2021 წელს უნივერსიტეტმა ხელახალი ავტორიზაცია გაიარა და მოიპოვა სადოქტორო პროგრამების განხორციელების უფლება, რის შედეგად ის სასწავლო უნივერსიტეტიდან სრულ უნივერსიტეტად გადაკეთდა.
ამჟამად, საბაუნიში 9 საბაკალავრო (სამართალი, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა, საერთაშორისო ურთიერთობები, თეოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება), 4 სამაგისტრო (სამართალი, საჯარო მმართველობა, თეოლოგია, ბიზნესი) და 2 სადოქტორო (სამართალი და თეოლოგია) პროგრამა მოქმედებს. ყველა მათგანი აკრედიტებულია. უნივერსიტეტი გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.