სულიკო თორთლაძე
სულიკო თორთლაძე (დ. 20 ნოემბერი, 1919, ქუთაისი — გ. 9 მაისი, 1982) — ქართველი კალათბურთელი, პედაგოგი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1967), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი.
11 წლისამ დაიწყო ვარჯიში გივი კილაძის ხელმძღვანელობით. თამაშობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გუნდ „ნაუკაში“, რომელიც საკავშირო შეჯიბრებებში ასპარეზობდა. ამის შემდეგ გადავიდა ქუთაისის „დინამოში“. 1945–1951 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში გახდა სსრკ-ის ჩემპიონი (1950), ასევე ვერცხლის (1947) და ბრინჯაოს (1948) პრიზიორი, სსრკ-ის თასის მფლობელი (1949). მისი აღზრდილები არიან: ზ. საკანდელიძე, მ. ქორქია, ნ. დერიუგინი, გ. დარსაძე, ზ. გრძელიძე და სხვები. 30 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლას ქუთაისში.
1961 წელს სულიკო თორთლაძეს მიენიჭა საქართველოს, 1967 წელს - სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება, 1971 წელს კი სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
გარდაიცვალა 1982 წლის 9 მაისს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ხსოვნა
რედაქტირება2019 წლის ნოემბერში ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, სულიკო თორთლაძის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისში საინტერესო ღონისძიებები მოეწყო: სახლში, სადაც სულიკო თორთლაძე ცხოვრობდა, გაიხსნა მემორიალური დაფა ბარელიეფით; საკალათბურთო საზოგადოებამ სულიკო თორთლაძის ხსოვნას პატივი მიაგო ქუთაისის პანთეონში; სასტუმრო „ბაგრატში“ მოეწყო სულიკო თორთლაძის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია და ყველა მსურველმა მისი ავტორის, ზურაბ ჯავახაძის პერსონალური ხელმოწერით აღნიშნული წიგნი საჩუქრად მიიღო. აქვე გაიმართა სულიკო თორთლაძის შესახებ ისტორიული, დოკუმენტური ფილმის ჩვენება.[1]