სტეფანწმინდის ამაღლება-აღდგომის ხატი
სტეფანწმინდის ამაღლება-აღდგომის ხატი — საკულტო ძეგლი, მდებარეობს დაბა სტეფანწმინდის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე.
შენობა გეგმით ოთხკუთხა ფორმისაა, აგებულია ფიქლით, შიგადაშიგ გამოყენებულია მთის ბროლიც. წყობა მშრალია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შეისრული თაღითაა გადახურული. კარის თავზე, კედლიდან გამოშვერილი ფიქლებით მოწყობილია თარო, რომელზეც მთის ბროლის ქვები (ბურბუხჭელები) აწყვია და პატარა თეთრი დროშებია ჩამაგრებული. თაროს ზემოთ სწორკუთხა სარკმელია. ერთი ასეთი ვიწრო და მაღალი სარკმელი აღმოსავლეთ კედელშიცაა, რომლის წინ კუბური ფორმის საკურთხეველია. სამხრეთ და დასავლეთ კედლების გასწვრივ, ფიქლის ქვით მოწყობილია ჩამოსაჯდომი საფეხური. ნაგებობის შუაში კერაა, რომელსაც ბრტყელი ფიქლი აფარია. შენობა გადახურულია დიდი, ბრტყელი ფიქლის ქვებით, რომლებიც თავხეს ეყრდნობა. იატაკიც ფიქლისაა. დასავლეთის ფასადი შეთეთრებულია კირით. სახურავი ორფერდაა. მასზე აწყვია მთის ბროლის დიდი ქვები. შენობა შემოზღუდულია ფიქლის გალავნით. ხატის სამხრეთით, ხელოვნურად გავაკებულ ადგილზე, მოწყობილია საოფრუსო — ოვალურად დაწყობილი ფიქლის სკამების წინ დგას ფიქლისავე მაგიდა, ხოლო ჩრდილოეთით კერაა. იქ იკვლებოდა საკლავიც. ხატი ქუშეშვილების, შადურებისა და ქავთარაშვილების სალოცავი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 430-431.