სრულიად რუსეთის საბჭოების I ყრილობა
მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის I ყრილობა (რუს. I Всероссийский съезд Советов рабочих и солдатских депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით პირველი ყრილობა, მიმდინარეობდა 1917 წლის 3 (16) ივნისი - 24 ივნისი (7 ივლისი) პეტროგრადში, ვასილევსკის კუნძულზე კადეტთა პირველი კორპუსის შენობაში. ესწრებოდა 1090 დელეგატი, მათ შორის 822 გადამწყვეტი ხმით, 268 — სათათბირო ხმით. პარტიულობის მიხედვით 105 ბოლშევიკი, 285 ესერი, 248 მენშევიკი, 32 მენშევიკ-ინტერნაციონალისტი და სხვა.
ისტორია
რედაქტირებადღის წესრიგი: რევოლუციური დემოკრატია და სახელმწიფო ხელისუფლება; ომისადმი დამოკიდებულება; დამფუძებელი კრებისათვის მზადება; ეროვნული, მიწისა და სხვა (სულ 12) საკითხი. ყრილობაზე სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა დროებითი მთავრობისადმი დამოკიდებულების (მომხსენებელი მენშევიკი მ. ლიბერი) შესახებ. ესერებმა და მენშევიკებმა მხარი დაუჭირეს ბურჟუაზიასთან ბლოკის შენარჩუნებას. ისინი აღნიშნავდნენ, აბჭოების მიერ ძალაუფების ხელში აღება დაღუპავს რევოლუციასო. მენშევიკების ლიდერის ი. წერეთლის განცხადებაზე, რომ რუსეთში არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მარტოდმარტო იკისრებდა ძალაუფლების ხელში აღებას, კამათში გამოსულმა ვ. ი. ლენინმა განუმარტა დელეგატებს ბოლშევიკური პარტიის პროგრამა და შეიტანა წინადადება საბჭოებისათვის მთელი ძალაუფლების გადაცემის შესახებ. ამ საკითხზე ბოლშევიკების რეზოლუციის პროექტთან ახლოს იყო სოციალ-დემოკრატ-ინტერნაციონალისტების რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეიტანა ა. ლუნაჩარსკიმ. მენშევიკ-ესერთა უმრავლესობამ უარყო რეზოლუციის ორივე პროექტი და მიიღო მენშევიკ თ. დანის მიერშეტანილი რეზოლუციის პროექტი.
ვ. ი. ლენინი ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ომისადმი დამოკიდებულების საკითხზეც. მან წარმოადგინა ბოლშევიკური პარტიის პროგრამა, რომელიც მოითხოვდა ომიდან გამოსვლას პოლიტიკური რევოლუციის გზით. ყრილობაზე ბოლშევიკების მხრიდან გამოვიდნენ აგრეთვე ლ. კამენევი, ნ. კრილენკო. მაგრამ მენშევიკ-ესერთა უმრავლესობამ აქაც უარყო ბოლშევიკთა რეზოლუციის პროექტი და მხარი დაუჭირა დროებითი მთავრობის პოლიტიკას ომის საკითხში. ყრილობაზე სხვა საკითხებიც გადაწყდა მენშევიკურ-ესერული პოზიციებიდან, მაგრამ ეს იყო საკითხების დროებითი გადაწყვეტა, რადგან ის არ გამოხატავდა მუშათა და ჯარისკაცთა სურვილებს. მასების უკმაყოფილება დროებითი მთავრობის როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმიანობით ძალიან გაიზარდა. ამიტომ ყრილობა იძულებული გახდა 18 ივნისი (1 ივლისი) პეტროგრგადში დაენიშნა დემონსტრაცია და იგი დროებითი მთავრობისადმი ნდობის დემონსტრაციად გადაექცია, მაგრამ დემონსტრანტები პეტროგრადში, მოსკოვში და სხვაგან გამოვიდნენ ბოლშევიკური ლოზუნგებით. 19 ივნისი (2 ივლისი) მენშევიკი წერეთელი ყრილობაზე გამოვიდა ინფორმაციით ფრონტზე რუსეთის არმიის შეტევის დაწყების შესახებ. მენშევიკ-ესერთა ფრაქციის სახელით ვ. ვოიტინსკიმ წინადადება შეიტანა შეტევისადმი მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ყრილობამ მიიღო.
ყრილობამ აირჩია მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის აღმასრულებელი კომიტეტი 123 მენშევიკის, 119 ესერის, 58 ბოლშევიკის და 20 სხვა პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელთა შემადგენლობით. სრულიად რუსეთის ცაკის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მენშევიკი ნ. ს. ჩხეიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუბელიძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 527.