არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კორინთი — თანამედროვე ქალაქი საბერძნეთში.

ძველი კორინთი (ძვ. ბერძნ. Κόρινθος) — ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო (პოლისი) პელოპონესის ნახევარკუნძულზე. კორინთის ყურის სანაპიროზე, ახლანდელი ქალაქ კორინთის სამხრეთ-დასავლეთით 6 კმ-ზე. დააარსეს დორიელებმა ძვ. წ. X საუკუნეში. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კორინთში ცხოვრობდა მედეა, სისიფე და ბელეროფონტე. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში კორინთმა დააარსა კოლონიები, მათ შორის სირაკუსა, კერკირა, პოტიდეა და სხვ. კორინთი ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო, ორ ზღვას შორის მდებარეობდა და ორი ნავსადგური ჰქონდა: დასავლეთით — ლექეონი, აღმოსავლეთით — კენქრე. აღმავლობის დროს კორინთის მოსახლეობის რაოდენობა 300 ათასს აღწევდა.

კორინთი
Κόρινθος


ძვ. წ. 700ძვ. წ. 338

არგოლისისა და კორინთის (ზედა ნაწილში) რუკა
დედაქალაქი კორინთი
ენა ძველბერძნული ენა (დორიული დიალექტი)
რელიგია ბერძნული პოლითეიზმი

აკროპოლისი — აკროკორინთი გაბატონებული იყო ცენტრალური საბერძნეთიდან მიმავალ სამხრეთის გზებზე. ძვ. წ. VIII საუკუნეში კორინთში ოლიგარქიული წყობილება დამყარდა. კორინთი მონაწილეობდა ბერძენ-სპარსელთა ომებში. კორინთის მეტოქეობა ათენთან პელოპონესის ომის (ძვ. წ. 431 — ძვ. წ. 404 წწ.) ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. არგოსთან, თებესთან, ათენთან და სხვ. პოლისებთან კავშირში კორინთი იბრძოდა გაძლიერებული სპარტის წინააღმდეგ (კორინთის ომი ძვ. წ. 395 — ძვ. წ. 387 წწ.).

ძვ. წ. II საუკუნეში კორინთი აქტიურად მოღვაწეობდა რომის წინააღმდეგ ბერძნული პოლისების აჯანყებაში, რისთვისაც რომმა ძვ. წ. 146 წელს დაანგრია იგი და მისი მცხოვრებლები მონებად გაყიდა. ძვ. წ. 46 წელს იულიუს კეისარმა კორინთში გააზატებული მონები დაასახლა. ძვ. წ. 27 წელს კორინთი რომის პროვინცია აქაიაის პოლიტიკური ცენტრი იყო. გუთებმა ორჯერ დაარბიეს და დაანგრიეს (395 და 521 წლებში); აღადგინა იუსტინიანე I-მა.

კორინთი განთქმული იყო ბრინჯაოსა და კერამიკის ნაწარმით, დიდებული ნაგებობებით, ავეჯით, არქიტექტურული დეკორით. კორინთის აფროდიტეს ტაძარში ცხოვრობდნენ ჰიეროდულები:

ვიკიციტატა
„სტუმართმოყვარე ასულნი და ცთუნების მსახურნი მდიდარ კორინთში (პინდარე)“

კორინთის არქეოლოგიურ კვლევას 1896 წლიდან დროდადრო აწარმოებს კლასიკური სიძველეების შემსწავლელი ამერიკული სკოლა ათენში. გათხრების შედეგად გამოვლინდა აპოლონის ტაძრის (დაახლ. ძვ. წ. 550, დორიული პტერიპტერორი), აპოლონის წმიდა ადგილის (რომაული პერისტილი და ძვ. წ. IV საუკუნის ტაძარი), რომაული ხანის თეატრის ნაშთები; ისთმოსზე — პოსეიდონის ტაძრის (ძვ. წ. V საუკუნე, აქ იმართებოდა ისთმოსის თამაშობანი), ძვ. წ. IV საუკუნის სტადიონის, რომაული თეატრის და თერმების ნანგრევები; იუსტინიანეს ციხესიმაგრე (VI საუკუნე) და სხვა ანტიკური და შუა საუკუნეების ნაგებობათა ნაშთები.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება