ევსტათი მცხეთელის მარტვილობა

„ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ — ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება. ასახავს სპარსელი ქრისტიანი ჭაბუკის წამების ამბავს, VI საუკუნის ქართლის საზოგადოებრივ და კულტურულ ყოფას. შეთხზულია ამავე საუკუნის 70-იან წლებში უცნობი ქართველი მწერლის მიერ. სპარსელი მოგვის შვილი, ქრისტიანთა თანამგძნობი გვირობანდაკი გამოქცევია სპარსეთში ატეხელ ქრისტიანთა დევნას და 541 წელს ქალაქ განძაკიდან ქართლში (მცხეთაში) ჩამოსულა. მონათვლის შემდეგ ეწოდა ევსტათი. სპარსელებმა დაასმინეს ჯერ უსტამ ციხისთავთან, მერე — მარზპან არვანდ გუშნასპთან, 3 წლის შემდეგ კი ახალ მარზპან ვეჟან ბუზმირთან, რომელმაც მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. ევსტათიმ მისი მოთხოვნა უარყო და მბრძანებელს ვრცლად მოუთხრო ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე. ქრისტიანობის ერთგულებისათვის მას თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 550 წელს. თხზულების ავტორი მოწამის თანამედროვეა. იგი განსწავლული მწერალი ჩანს, კარგად იცნობს მოწამეთა აქტებს და ანტიმაზდეანურ პოლემიკურ ლიტერატურას; ნათლად და ცხოვლად აღწერს VI საუკუნის ქართლის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას. თხზულება სანდო პირველწყაროა ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის შესასწავლად. უძველესი ხელნაწერი (კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H — 341) XI საუკუნისაა. ძეგლი პირველად გამოსცა მიხეილ საბინინმა („საქართველოს სამოთხე“, 1882). გერმანულად თარგმნა ივანე ჯავახიშვილმა (1901).

ევსტათი მცხეთელი, მიხეილ საბინინის ილუსტრაცია

პერსონაჟები რედაქტირება

ევსტათი მცხეთელი — ქრისტიანობისათვის წამებული სპარსელი VI საუკუნის საქართველოში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნაწარმოების ტექსტი დაარქივებული 2011-06-02 საიტზე Wayback Machine.
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 1 — ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945;