გზა იხვის ჭუჭულებს! (ძეგლი)

ძეგლი რუსეთში

გზა იხვის ჭუჭულებს! (რუს. Дорогу утятам!) — ძეგლი რუსეთში. წარმოადგენს ქალაქ მოსკოვის ერთ-ერთ ღირსშესანისნაობას. დაიდგა 1991 წელს ნოვოდევიჩის მონასტრის გვერდით მდებარე სკვერში.

გზა იხვის ჭუჭულებს!
Дорогу утятам!
კოორდინატები 55°43′41″ ჩ. გ. 37°33′16″ ა. გ. / 55.72806° ჩ. გ. 37.55444° ა. გ. / 55.72806; 37.55444
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
მოქანდაკე შენ ნენსი
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 1991

ისტორია რედაქტირება

სკულპტურული კომპოზიცია „გზა იხვის ჭუჭულებს!“ ნოვოდევიჩის მონასტრის გვერდით არსებულ სკვერში მდებარე გუბის პირას 1991 წელს დაიდგა[1]. ამერიკელი მწერლის რობერტ მაკ-კლოსკის 1941 წელს გამოქვეყნებულმა ზღაპრულმა მოთხრობამ „გზა იხვის ჭუჭულებს!“, იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ ბოსტონის ხელმძღვანელობამ ცენტრალურ პარკში წიგნის მთავარი გმირის — დედა იხვის მისის მალარდისა და მისი რვა ჭუჭულის ძეგლის დადგმა გადაწყვიტა. მემორიალის ესკიზები რობერტ მაკ-კლოსკის უდიდესმა თაყვანისმცემელმა ნენსი შენმა შექმნა. 1991 წელს ამ ძეგლის ასლი ბარბარა ბუშმა რაისა გორბაჩოვას აჩუქა, რომელიც ამ კომპოზიციით ქმართან ერთად ბოსტონში ვიზიტისას დაინტერესდა[2].

ძეგლის გახსნის მეორე დღეს ერთ-ერთი ჭუჭული მოიპარეს. 2000 წლის თებერვალში კიდევ სამი ფიგურა დაიკარგა[3]. ამ ამბის გაგების შემდეგ, ავტორმა მისი აღდგენა გადაწყვიტა და 2000 წლის 18 სექტემბერს აღდგენილი კომპოზიციის საზეიმო გახსნა გაიმართა. ცერემონიაზე იმყოფებოდნენ სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ქალიშვილ ირინასთან ერთად, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ჯეიმზ კოლინზი, იმდროინდელი კულტურის მინისტრი მიხეილ შვიდკოი, მოსკოვის მთავრობის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იგორ ბუგაევი და სხვები[2].

ამჟამად ვანდალიზმისაგან დასაცავად ძეგლი არმატურით არის დამაგრებული, ხოლო ცოტა მოშორებით დაცვის ჯიხური დგას.

აღწერა რედაქტირება

ბრინჯაოს სკულპტურული კომპოზიცია „გზა იხვის ჭუჭულებს!“ ქვით მოპირკეთებულ ბილიკზე დგას და ცხრა ფიგურისაგან შედგება. დედა იხვი მალარდი და რვა ჭუჭული: ჯეკა, კეკა, ლეკა, მეკა, ნეკა, კვეკა, პეკა და კვაკა. ძეგლი რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების შერიგების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს[1].

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Памятник утке с утятами у пруда Новодевичьего монастыря в Москве. Достопримечательности Москвы (2014-02-22). ციტირების თარიღი: 2015-06-27.
  2. 2.0 2.1 Ольга Ращупкина.. (19 сентября 2000) Американские утки вновь в Москве. Независимая газета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2015-06-27.
  3. Памятник Дорогу утятам. Лучшие монументы Москвы. ციტირების თარიღი: 2015-06-27.