არმატურა
არმატურა (ლათ. armatura — „შეიარაღება“) — რკინაბეტონის კონსტრუქციების შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ბეტონში დატანებული ელემენტების (ძირითადად ფოლადის ღეროების) ერთობლიობას, რომლის დანიშნულებაა ბეტონის გაძლიერება გამჭიმავი (იშვიათად — მკუმშავი) ძალვების თავის თავზე მისაღებად.
ძირითადად იყენებენ ფოლადის მოქნილ არმატურას (ცალკეული ღეროების ან შენადუღი ბადეებისა და კარკასების სახით); ზოგჯერ კი ხისტ არმატურასაც (გაგლინული ორტესებრები, შველერები, კუთხოვნები). არმატურა შეიძლება იყოს მუშა, რომელსაც აწყობენ რკინაბეტონის კონსტრუქციებში გაანგარიშების თანახმად, სამონტაჟო და მანაწილებელი, რომელთა დანიშნულებაა მუშა არმატურასთან ერთად კარკასებისა და ბადეების შექმნა და რომლებსაც კონსტრუქციული მოსაზრებებით აწყობენ.
არმატურის ძირითადი სახეობებია: ღეროვანი არმატურა (ცხლად გაგლინული, თერმულად და გაჭიმვით განმტკიცებული), რომელიც სიმტკიცის მიხედვით 7 კლასად იყოფა (მზადდება 6-90 მმ დიამეტრისა) და მავთულიანი არმატურა (3-8 მმ დიამეტრისა). წინასწარ დაძაბულ კონსტრუქციებში იყენებენ დაძაბულ არმატურას, რომელსაც გაგლეჯისადმი მაღალი დროებითი წინაღობა აქვს — 900 მეგნ/მ2 (90 კგძ/მმ2) და მეტიც. ბეტონთან არმატურის შეჭიდების გასაუმჯობესებლად სარგებლობენ პერიოდული არმატურით. წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციებში ღეროვანი არმატურის გარდა იყენებენ დიდი სიმტკიცის ცივჭიმული მავთულის წნებსა და კონებს. არმოცემენტის კონსტრუქციები არმირებულია წვრილი მავთულის წმინდა ბადეებით. არმატურად შეიძლება სხვა მასალის გამოყენებაც (მინაპლასტიკები)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 577-578.
- ნინუა ნ., რკინაბეტონის კონსტრუქციების მოკლე კურსი, ნაწ. 1, თბ., 1968;
- წულეისკირი მ., რკინაბეტონი, ნაწ. 1, თბ., 1960;
- Строительные нормы и правила, ч. 1, разд. В, гл. 4 - Арматура для железнобетонных конструкции, М., 1963.