სოფიო ჭავჭავაძე (დ. 22 სექტემბერი, 1833, წინანდალი, საქართველო — გ. 18 მარტი, 1862, კიევი, უკრაინა) — ქართველი დიდგვაროვანი ჭავჭავაძეთა საგვარეულოდან. პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძისა და სალომე ორბელიანის ნაბოლარა შვილი, სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის და.

სოფიო ჭავჭავაძე
წოდებები
ბარონესა ნიკოლაი
დაიბადა 22 სექტემბერი, 1833
წინანდალი, საქართველო
გარდაიცვალა 18 მარტი, 1862, (28 წლის)
კიევი, უკრაინა
საგვარეულო ჭავჭავაძეები
მეუღლე(ები) ალექსანდრე ნიკოლაი
შვილ(ებ)ი მარიამ ნიკოლაი
მამა ალექსანდრე ჭავჭავაძე
დედა სალომე ორბელიანი
რელიგია მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება
 
სოფიოს მამა, ალექსანდრე ჭავჭავაძე

სოფიო ჭავჭავაძე დაიბადა 1833 წლის 22 სექტემბერს წინანდალში. იგი იყო წარმოშობით არისტოკრატი პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის, სალომე ორბელიანის ნაბოლარა, მეოთხე შვილი და მესამე ქალიშვილი. მისი დედმამიშვილები იყვნენ: ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე ნინო ჭავჭავაძე, სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე და გენერალი დავით ჭავჭავაძე. ცნობილია, რომ დებისაგან განსხვავებით იგი არ გამოირჩეოდა სილამაზით, იყო ჩუმი და მოკრძალებული. დედამისი პატარა სოფიოზე გრიგოლ ორბელიანს ასეთ რამეს სწერდა:

 
„მას აქვს საოცარი შავი თმა, ლამაზი შუბლი, უცნაურად შავი წარბ-წამწამი და წითელი ტუჩები. მისი საოცარი ღიმილი გრძნობებს აგიშლის. მას აქვს გასაოცარი აგებულების სხეული და თავისი ასაკისათვის უჩვეულო გონიერებას ამჟღავნებს...“

სალომე ორბელიანი, რომელიც ყველასათვის ცნობილი ჰუმანისტი იყო, ქალიშვილებს ბავშვობიდანვე აჩვევდა ქველმოქმედებას, რის გამოც ისინი შემოწირულობის სახით ხშირად გასცემდნენ ნივთებსა და ფულს. სალომემ და ალექსანდრემ ქალიშვილები აღსაზრდელად პეტერბურგიდან ჩასულ პრასკოვია არსენიევას მიანდეს, რომელიც თბილისელი გენერლის, ახვერდოვის ცოლი იყო. პრასკოვიას სასწავლებელში მხოლოდ წარჩინებული ოჯახების შვილები სწავლობდნენ.

ახვერდოვას სასწავლებელში სოფიო ჭავჭავაძემ ისწავლა რუსული და ფრანგული ენები, ხატვა, მუსიკა და საოჯახო ხელსაქმე. იგი ძალიან პატარა იყო როდესაც დაობლდა. 1846 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა მამამისი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელზე დარდითაც მალევე, 1847 წელს გარდაიცვალა სალომე ორბელიანიც. ამის გამო მცირეწლოვანი სოფიოს მეურვეობა მისმა უფროსმა და-ძმამ, ნინომ და დავითმა აიღეს.

ჭავჭავაძეების ოჯახი ყოველთვის იყო ცნობილი სალონური შეხვედრებით, რომლებზეც იკრიბებოდა საქართველოს ნაღები საზოგადოება. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია ეკატერინე ჭავჭავაძის სალონური ალბომი, რომელშიც ქართულ, რუსულ და პოლონურ ენებზე სხვადასხვა ხელით შესრულებული ჩანაწერებისა და ლექსების გარდა მრავლად არის ჩანახატებიც. ნახატები შესრულებულია ფანქრით და წყლის ფერადი საღებავებით. ალბომი ბიბლიოთეკაში შემოსულია ნინო ბარათაშვილისაგან. მისივე გადმოცემით ზოგიერთი ნახატი შესრულებულია სოფიო ჭავჭავაძის მიერ.

ქორწინება და უკრაინაში გადასვლა

რედაქტირება
 
ჭავჭავაძეების სახლი წინანდალში

საზღვარგარეთიდან ჩამოსული ინტელიგენცია ქვეყნის უკეთ გასაცნობად ყოველთვის სტუმრობდა ჭავჭავაძეთა სალონს. ჯერ კიდევ 1845 წელს, როდესაც სოფიო 12 წლის იყო, მათ სალონს ეწვია რუსეთის სახელმწიფო მოხელე ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი, 24 წლის ბარონი. წერილებიდან ირკვევა, რომ მშობლების დაღუპვის შემდეგ ნინო ჭავჭავაძე ძალიან ემადლიერებოდა ბარონ ნიკოლაის გამოჩენილი თანაგრძნობისა და სოფიოზე ზრუნვისათვის.

აღსანიშნავია, რომ ბარონ ნიკოლაის წინაპრები საფრანგეთში მცხოვრები განათლებული შვედები იყვნენ, რომლებიც ეკატერინე II-ის მიწვევით გადასახლდნენ რუსეთში ცარევიჩის აღსაზრდელად. დამსახურებისათვის ნიკოლოზ I-მა მათ ოჯახს ფინეთში დიდი მამულები და ბარონის ტიტულიც უბოძათ. უკვე 1845 წლიდან ალექსანდრე ნიკოლაი საქართველოში ჩამოდის და მეფისნაცვალ გრიბოედოვთან იწყებს სამსახურს, რომელიც სოფიოს სიძე იყო.

1849 წლისთვის ალექსანდრე ნიკოლაი უკვე ეტრფოდა სოფიო ჭავჭავაძეს. მამასთან გაგზავნილ წერილში იგი ასეთ რამეს წერდა:

 
„ძვირფასო მამა! უკვე ხუთი წელია გასული, რაც ჭავჭავაძეების ოჯახი გავიცანი... როდესაც თბილისში პირველად ჩავედი სოფიო ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ახლა იგი უკვე 17 წლისაა. იგი ძალიან მიმზიდველი, თავმდაბალი და კარგად აღზრდილი გოგონაა. ცუდი საქმე მისთვის უცხოა. მე მასში იმ იდეალს ვხედავ, რომელზეც ვოცნებობდი ჩემს მომავალ მეუღლეზე ფიქრისას... საბედნიეროდ ბედმა ამ მშვენიერ ქვეყანაში მიმიყვანა, რომელიც რაც უფრო მეტი დრო გადის სულ უფრო მიყვარდება და მიჩნდება იმის სურვილი, რომ ჩემი პატარა წვლილიც შევიტანო მისი კეთილდღეობის საქმეში.“

1850 წელს სოფიო ჭავჭავაძე და ალექსანდრე ნიკოლაი დაქორწინდნენ. ამის შემდეგ წყვილი ბეთანიაში გადასახლდა, რომელიც სოფიოს სამზითვო მამულს წარმოადგენდა, სადაც მალევე დაიწყეს თავიანთი სახლის შენება. ქორწინებიდან მალევე ალექსანდრემ ქართულის სწავლა დაიწყო. 1852-1859 წლებში ნიკოლაი იყო კავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრი და სასწავლო ოლქის მზრუნველი, უკვე 1859 წელს კი კავკასიის მეფისნაცვლის წაბჭოს წევრიც ხდება. სწორედ ამ წელს გააჩინა სოფიომ თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი — მარიამ (მაკა) ალექსანდრეს ასული ნიკოლაი (1859-1919).

1861 წელს ალექსანდრე ნიკოლაი კიევის სასწავლო ოლქის მზრუნველად დაინიშნა, რის გამოც უკრაინაში მოუხდა გადასახლება, სადაც სოფიო და მათი ქალიშვილიც გაჰყვნენ.

გარდაცვალება, დაკრძალვა და შემდეგ

რედაქტირება
 
ლუდვიგშტეინის კუნძული ქალაქ ვიბორგში, რომელზეც განისვენებს სოფიო ჭავჭავაძე

1862 წელს ბარონი ნიკოლაი ოჯახითურთ პეტერბურგში გადაიყვანეს. თავიდან ალექსანდრემ ცოლ-შვილი თან არ წაიყვანა, რადგან ერჩია ჯერ პეტერბურგში მოწყობილიყო, თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდა. 1862 წლის 18 მარტს, კიევში, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ იგი დაუყოვნებლივ გადაასვენა ფინეთში, ქალაქ ვიბორგში, ნიკოლაების საგვარეულო მამულში. მოგვიანებით, რუსეთ-ფინეთის ომის დროს ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში მოყვა, რის გამოც სოფიო ჭავჭავაძე რუსეთის ტერიტორიაზეა დაკრძალული, ფინეთის საზღვრიდან 38 კილომეტრში. ნიკოლაების საგვარეულო აკლდამა მდებარეობს პარკში, კუნძულზე, რომელიც „ლუდვიგშტეინის“ სახელწოდებას ატარებს ლუდვიგ ნიკოლაის პატავსაცემად.

სოფიოს ერთადერთი ქალიშვილი, მარიამ (მაკა) ნიკოლაი მისმა ქვრივმა საქართველოში გააგზავნა ბიძასთან, დავით ჭავჭავაძესთან, რომელმაც იგი საკუთარი ქალიშვილივით აღზარდა და შემდგომში გამოჩენილ თავადზე, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეზე (1847-1918) დააქორწინა. 1899 წლიდან მისი ქალიშვილი მარიამ ნიკოლაი თავად რუსეთის იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნას კარს განაგებდა.

ალექსანდრე ნიკოლაის ბოლომდე არ შეუწყვეტია კავშირი საქართველოსთან. 1864 წელს სწორედ მან განაცხადა საქართველოში ალექსანდრე II-ის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც ბატონ-ყმობა გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ დაქვრივების შემდეგ მას ცოლი აღარ შეურთავს. იგი 1899 წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოში, თუმცა გადაასვენეს და სოფიოს გვერდით დაკრძალეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გრიშაშვილი, ი. ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ქალის - სოფიოს აკლდამა ქ. ვიბორგში // [რჩეული ნაწარმოებები: 4 ტომად] / იოსებ გრიშაშვილი. ტ. 4. - თბ., 2012. - გვ.108-113.
  • 5. მიქაია, ვ.ზოგი რამ სოფიო ჭავჭავაძე // მებრძოლი (ზუგდიდი), 1978. - 1 აპრილი. - გვ. 3.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება