სოსონო (კორ. 召西奴; გ. ძვ. წ. 6) — კოგურიოს სამეფოს დამაარსებლის ჟუმონგის მეორე ცოლი. კოგურიოს დედოფალი. უფლისწულების ბირიუსა და ონჯოს დედა. სოსონო იყო მთავარი ფიგურა კოგურიოს და პექჩეს სამეფოების დაარსების საქმეში.

ისტორიული წყაროს სამგუკ-საგის მიხედვით სოსონო იყო იმ პერიოდში მდიდარი და გავლენიანი ფიგურის იონ თა-ბალის ქალიშვილი[1]. ზოგიერთი სხვა წყაროს მიხედვით ჟუმონგი იყო სოსონოს მეორე ქმარი და მისი პირველი ქმრის სახელია ვუთე.

ჟუმონგის გარდაცვალების შემდეგ კოგურიოს სამეფოს მეფე ხდება მისი შვილი იურიმენ-ვანი, რომელიც დედასთან ერთად ბრუნდება კოგურიოში, ხოლო სოსონო და მისი ორი ვაჟი გარბიან ნახევარკუნძულის სამხრეთით და აარსებენ ახალ სახელმწიფოს — პექჩეს.

სოსონო გარდაიცვალა ძვ. წ. 6 წელს 61 წლის ასაკში[2], მას შემდეგ რაც მისი მეორე შვილი ონჯო გახდა პექჩეს მეფე.