იროდიონ სონღულაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან სონღულაშვილი, იროდიონ)

იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი (დ. 22 დეკემბერი, 1880, დიღომი ― გ. 7 იანვარი, 1958,თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, მწერალი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1944).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისში, სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1903 წლის აგვისტოში გაემგზავრა ოდესაში, სადაც დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება (ტექნიკური ქიმიის სპეციალობით). უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაბრუნდა თბილისში. მთელი ცხოვრება ხელოვნების სამსახურში გაატარა. 1909 წლის ოქტომბერში მუშაობა დაიწყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში. 1910 წელს გახდა საზოგადოების საბჭოს წევრი. იყო საზოგადოების მდივანი. მეგობრობდა საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილთან. 1917 წლის 4-20 ივნისს მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, არჩეულ იქნა მის პრეზიდიუმში და იყო პარტიის ხაზინადარი.

1929 მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, 1931-იდან - ძველი ქართული ხელოვნების და ისტორიის განყოფილების გამგის თანაშემწედ, 1934-იდან - ხელოვნების მუზეუმის ("მეტეხი") მცირე ხელოვნების განყოფილების გამგედ. 1953-იდან - საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სეიფის გამგედ. მისი შრომები, რომელთა მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული, ეხება უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს (კერძოდ, ტიხრული მინანქარი), ეთნოგრაფიის საკითხებს. სონღულაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ისტორიული რომანი "მირანდუხტ იადხმობილი".

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხარტიშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 474.
  • სონღულაშვილი ვ. „სონღულაშვილები“ — თბილისი, 2007