სოკრატესეული მეთოდი

სოკრატესეული მეთოდი, სხვაგვარად სოკრატული მეთოდი — სწავლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების აქტიურად ჩართვას, კითხვა-პასუხის გზით, საკუთარი ცოდნის აგებაში. მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ბერძენ ფილოსოფოს სოკრატესგან, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს სწორედ ამ გზით ასწავლიდა ფილოსოფიას.

სწავლებისას, სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) კითხვებს (მაგ.: რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?) და არ აწვდის არანაირ ინფორმაციას მოსწავლეებს. ამ დროს მასწავლებელი განიხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დისკუსიით, დებატებით, პრობლემური კითხვების დასმით და სხვა. ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომელთაც გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები და სხვა. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:

  1. მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;
  2. მასწავლებელს მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები მოცემული მოვლენის საილუსტრაციოდ;
  3. მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს;
  4. მასწავლებელი ხელს უწყობს კლასის დისკუსიაში ჩაბმას;
  5. მასწავლებელი ახალისებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებას;
  6. მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას და ა. შ.;
  7. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა, სხვადასხვა ელემენტისაგან შექმნას ახალი სტრუქტურა;
  8. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა (გააკეთოს შეფასება) საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება