სმირნოვის მბოგელა

სმირნოვის მბოგელა (ლათ. Apocolotois smirnovi) — მწერი მზომელასებრთა ოჯახისა. თავისი მცირე რიცხოვნობის გამო საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებს შორისაა. პირველაღწერა მოხდა 1885 წელს ნიკოლოზ რომანოვის მიერ. სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრადაა გამოხატული. მამრი საკმაოდ ლამაზი ფრთებით არის წარმოდგენილი, რომელიც უმეტესად ყვითელი ფერის ქერცლითაა დაფარული, ფრთის ბოლოში გასდევს ყავისფერი ხაზი, რომელზეც კარგადაა გამოკვეთილი ორი თეთრი ლაქა, ფრთის დასაწყისში ყავისფერი ლაქა აქვს. მდედრი უფრთოა და ამით განსხვავდება მამრისგან. შემოსილია ყავისფერი ქერცლით, რომელიც მთელ სხეულზე თანაბრადაა გადანაწილებული.

სმირნოვის მბოგელა
სმირნოვის მბოგელა
Apocolotois smirnovi ♀

Apocolotois smirnovi ♂
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  მზომელასებრნი
გვარი:  Apocolotois
სახეობა:  სმირნოვის მბოგელა
ლათინური სახელი
Apocolotois smirnovi (Romanoff, 1885)

გავრცელების არეალი

რედაქტირება

სმირნოვის მბოგელას მცირერიცხოვანი პოპულაცია არის აღმოჩენილი, რომელიც გვხვდება მხოლოდ თბილისის შემოგარენში. სხვაგან დაფიქსირებული არ არის, თუმცა ეს საკითხი კვლევის საგანია.

ჰაბიტატი

რედაქტირება

ბინადრობს მეტად კლდოვან, მშრალ და ცხელ ადგილებში, სადაც არის მცირედი ბუჩქოვანი საფარველი. მეტნაკლებადაა შესწავლილი ზუსტი კლიმატური პირობები და სხვა ფაქტორები, რაც აუცილებელია ამ საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად.

საკვები ბაზა

რედაქტირება

ახალგამოჩეკილი ლარვები იკვებებიან შავჯაგას პირველი ვეგეტაციის კვირტებითა და ნორჩი ფოთლებით. სხვა საკვები მცენარე აღმოჩენილი არ არის, ამიტომ სმირნოვის მბოგელა მონოფაგადაა მიჩნეული.

ცხოვრების ციკლი

რედაქტირება
 
სმირნოვის მბოგელას კვერცხები.
 
სმირნოვის მბოგელას წყვილი

შეჯვარების შემდეგ მდედრი მალევე იწყებს კვერცების დადებას შავჯაგას ბუჩქის მყუდრო და მოფარებულ ნაწილში. კვერცხები გეომეტრიული სიზუსტითაა განლაგებული ტოტზე. თავიდან იგი მწვანე ფერისაა, მოგვიანებით — ოქროსფერ, საბოლოოდ კი მოყავისფრო-მონაცრისფრო შეფერილობას იღებს. მთელი ზამთრის პერიოდში კვერხები ტოტზე მიმაგრებული რჩება და კარგად უძლებს კლიმატურ ცვლილებებს, თოვლს და ყინვას.

ლარვები ადრე გაზაფხულზე გამოიჩეკებიან ძირითადად მარტის თვეში. გამოჩეკვისთანავე აქტიურად იწყებენ შავჯაგას კვირტებისა და ფოთლების ჭამას. ლარვობის სტადია 2–3 კვირა გრძელდება და საკმაოდ სწრაფად იზრდებიან. ზრდსრული მატლები დასაჭუპრებლად მიწაში ძვრებიან, სადაც მიწისგან და აბრეშუმის ძაფისგან ქმნიან დასაჭუპრებლად ხელსაყრელ მიწის გორგალს, რომლის შუალულშიც არის მატლი მოთავსებული და მოგვიანებით იწყებს დაჭუპრებას.

დაჭუპრება და მისთვის საჭირო დრო ცუდადაა შესწავლილი, რადგან ეს პროცესი მიწისგან და აბრეშუმის ძაფისგან შექმნილი დამცავი ფენის შიგნით მიმდინარეობს. ეს სახეობა ყველაზე დიდ დროს ჭუპრის სტადიაზე ატარებს — დაახლოებით 6–7 თვეს. აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს გარდაქმნის პროცესი და საბოლოოდ იმაგო გამოდის.

ზრდასრული ფორმა გვხვდება შემოდგომისას, ოქტომბის თვის მეორე ნახევარში. ფრენის პერიოდი გრძელდება 15-20 დღე. აქტიურები არიან ღამით, უმეტესად 9 საათის შემდეგ იწყებენ შეჯვარებას. ამ პერიოდში საკვების ბაზა ძალიან მწირია პეპლებისთვის და ამიტომაც სმირნოვის მბოგელას პირის საწუწნი აპარატი მთლიანად აქვს რედუცირებული. მდედრი ვერ დაფრინავს, ჭუპრიდან გამოსვლის შემდეგ იგი გაიშრობს საფარველს და შესაჯვარებლად აძვრება ბუჩქის შედარებით ღია ნაწილში. სადაც მამრი შეძლებს მიფრინდეს და შეუჯვარდეს მდედრს. შეწყვილების პროცესი ხანმოკლეა და რამდენიმე წუთს გრძელდება.

მტაცებლები

რედაქტირება

საკმაოდ ბევრი მტაცებელი ნადირობს ამ სახეობის, როგორც მდედრებზე, ასევე მამრებზე. ძირითადად ობობები და ჩოქელები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Japaridze, Lasha-Giorgi; Malkiewicz, Adam; Sanakoeva, Alisa; Tsulaia, Mariam; Bulbulashvili, Natalia; Õunap, Erki (2 ივლისი, 2021). „Description of the female Apocolotois smirnovi (Romanoff, 1885) (Lepidoptera: Geometridae, Ennominae), with comments on the biology and distribution of the species“. Zootaxa. 4996 (1): 153–162. doi:10.11646/zootaxa.4996.1.6. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება