სმბატის სამართლის წიგნი
სმბატის სამართლის წიგნი — სომხური ფეოდალური სამართლის ძეგლი. შეადგინა სმბატ სპარაპეტმა, იგივე გუნდსტაბლმა (1208-1276) კილიკიაში. სმბატის სამართლის წიგნი მოქმედებდა კილიკიის სომხეთში ასზე მეტ წელს, როგორც სახელმწიფოს ოფიციალური კოდექსი. მისი წყაროებია სომხეთის საეკლესიო კანონები, ჩვეულებითი სჯული და, ნაწილობრივ, მითხარ გოშის სამართლის წიგნი. სმბატის სამართლის წიგნი 7 განყოფილებისგან შედგება, მოიცავს 202 მუხლს და ეხება როგორც მეფესა და მის ვასალებს, ისე ფეოდალებსა და ყმა-გლეხთა შორის ურთიერთდამოკიდებულებებს, აგრეთვე სისხლის, სამოქალაქო, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალს. სმბატი მეფის შეუზღუდველი სამართლის მომხრეა, მეფე დგას უმაღლესი მართლმსაჯულების სათავეში. კოდექსში გამოხატულია საერო და საეკლესიო ფეოდალების პრივილეგიები. სმბატი ცდილობდა კლასობრივი ბრძოლის შენელებას, მეფეს ავალებდა ღარიბთა დაცვას მდიდრებისაგან. სომხური სამართლის წიგნებიდან მხოლოდ სმბატის სამართლის წიგნშია ნორმა, რომლის მიხედვითაც ზედსიძე სიმამრის ქონების სრულუფლებიან მესაკუთრე-მემკვიდრედ ითვლება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 440.