ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიანგცი — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაში ჩინეთში, და იგი იგივე ოჯახში შედის, როგორც დასავლური (ან საერთაშორისო) ჭადრაკი, ჩათურანგა, შოგი, ინდური ჭადრაკი და ჯანგიგი.

თამაში წარმოადგენს ორ არმიას შორის ბრძოლას, მოწინააღმდეგის გენერლის (მეფის) დატყვევებისთვის. ჩინური ჭადრაკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშია ჩინეთში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ნებისმიერ ქალაქში შეხვდებით სკვერებში შეკრებილ ხალხს სიანგცის სათამაშოდ. გარდა ჩინეთისა, ჩინური ჭადრაკი ასევე პოპულარობით სარგებლობს სხვა აზიურ ქვეყნებში, მათ შორის ვიეტნამშიც.

ამ თამაშის შესახებ ყველაზე ადრეული ჩანაწერები ჩინურ წყაროებში ჯერ კიდევ მეომარ სამეფოთა ეპოქაში (ძვ.წ. 475-221) ჩნდება, მაგრამ მსგავსი წყაროების სიმცირის გამო არ ვიცით მაშინდელი სიანგცი ენათესავებოდა თუ არა თანამედროვე სტანდარტული ჭადრაკის ვერსიას. მხოლოდ თანგის დინასტიიდან (618-907) შემორჩა სიანგცის სახელმძღვანელოები და წესების კრებულები, რაც საშუალებას გვაძლევს დაზუსტებით ვთქვათ, რომ ჩინურ ჭადრაკს თანგის დინასტიის დროს უკვე თამაშობდნენ, მაგრამ სიანგცის ნამდვილი აღმავლობა ცინგის დინასტიის (1644-1911) დროს დაიწყო, როცა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სახსრები და რესურსი გამოყო მისი განვითარებისათვის. სწორედ ამ დინასტიის დროს ეკონომიკური და კულტურული განვითარებით, სიანგცი გადავიდა ახალ ეტაპზე. შეიქმნა არაერთი ცნობილი სკოლა, სადაც ასწავლიდნენ სპეციალურად სიანგცის. ამ დინასტიის დროს გამოიცა არაერთი წიგნი და სახელმძღვანელო აღნიშნული თამაშის ტექნიკის შესახებ. მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თამაშის პოპულარიზაციაში და თანამედროვე დროში თამაშის ტექნიკის გაუმჯობესებაში. 2004 წელს დაიწერა დასავლური სტილის ენციკლოპედია ჩინური ჭადრაკის შესახებ.

სიანგცის თამაშობს ორი მოწინააღმდეგე თეთრი და შავი (იშვიათად წითელი და შავი) ქვებით, დაფაზე 9 ვერტიკალური და 10 ჰორიზონტალური ხაზით. დაფის შუაში არის ე.წ. „ჩუს მდინარე“, მას ასევე უწოდებენ „ხანის საზღვარს“, რომელიც არის საზღვარი მოწინააღმდეგეების ტერიტორიებს შორის. დაფის ცენტრში 1-3 და 8-10-ე ჰორიზონტალურ ხაზებზე განლაგებულია ციხესიმაგრე, რომელშიც სარდალი თავის ორ მრჩეველთან ერთად დგას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თამაშის ქვები იდება ვერტიკალებისა და ჰორიზონტალების გადაკვეთაზე და არა უჯრაში.

აღნიშნულ თამაშს, თითოეული მოთამაშე 16 ქვით იწყებს. აღსანიშნავია ის, რომ საწყისი პოზიცია თამაშის წესებით მკაცრადაა განსაზღვრული.

თამაში სრულდება მაშინ, როცა მეტოქის სარდალს ჩიხში მოაქცევ, ანუ როცა მას უსაფრთხო სვლა აღარ დარჩება. სარდალს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს უფლება სიმაგრე დატოვოს, თუკი მასა და მოწინააღმდეგის სარდალს შორის სხვა ქვა არ დევს. ამ შემთხვევაში მას შეუძლია მთელ დაფაზე გადახტომა და მოწინააღმდეგის სარდალის მოკვლაც კი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიანგცი“-დან