სვიფის წმინდა გიორგის ეკლესია

სვიფის წმინდა გიორგის ტაძარი (სვანურად, ჯგრაგ) — ეკლესია საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის თემის სოფელ სვიფში. ტაძარი აგებულია X საუკუნეში. ინტერიერში დაცულია ფრესკული მხატვრობის ორი ფენა X-XIV სს-ისა[1]. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკლესიის ფასადების მოხატულობა ძველი აღთქმის, სამებისა და წმინდა მხედრების გამოსახულებებით. ეკლესიაში ინახება ჭედური და ფერწერული ხატების უძვირფასესი კოლექცია. ყურადღებას იპყრობს ეკლესიის ჩუქურთმიანი ძველი ხის კარები (XI ს.) ქტიტორული წარწერით[2]. გამოირჩევა XI საუკუნის დიდი ზომის წმ. გიორგის ხატი, რომლის წარწერაში ნახსენებია ქტიტორი იოანე ათარიანი. მოხსენიებულია ოქრომჭედელი თომანიანი[3].

სვიფის წმინდა გიორგის ეკლესია

სოფლები სვიფი, ტვიბერი და ლეზგარა კალაშიდან

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა მესტიის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
თარიღდება X საუკუნე
დეტალები

მოხატულობა

რედაქტირება

X საუკუნეს მიეკუთვნება ტაძრის მოხატულობის პირველი ფენა. ფრესკებით მოხატული იყო მთელი ინტერიერი. მოგვინებით I ფენა მეორე ფენით დაუფარავთ, რამაც თავდაპირველი მოხატულობა საგრძნობლად დააზიანა. საკურთხევლის აფსიდში ფრაგმენტულად შემორჩა "ვედრების" კომპოზიცია. (შედარებით ცირე ზომის ღთისმშობლისა და წმ. იოანეს ფიგურებით). კონქის ქვეშ, მეორე რეგისტრში, მოცემულია მოციქულთა მონუმენტური ფიგურები. სინგურისფერ ფონზე წარმოდგენილნი ფიგურები მოჩარჩოებულია თავისებური ორნამენტული მოტივით - შავი ფონზე მოცემული თეთრიწრეებით.

ასეთი მოჩარჩოება სახასიათოა ზემო სვანეთის გვიანდელი ძეგლებისათვისაც და როგორც ჩანს ჭედური ხატების იმიტაციას წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული იყო წმინდა გიორგი, რომელიც დასავლეთ კედლისკენ იყო მიმართული. დასავლეთ კედელზე კი წმინდა თევდორე უნდა ყოფილიყო გამოსახული.სვიფის მოხატულობიდან ყველაზე კარგადაა შემორჩენილი სამხრეთ კედლის დასავლეთ თაღში მოცემული ორი მამაკაცის ფიგურა, ერთ-ერთ მათგანს (ორივე შარავანდით) გვირგვინი ახურავს, მეორეს მრგვალი ქუდი. მარჯვენას ხელში თასი უჭირავს, მეორეს კი სავარაუდოდ - ჯვარი. კედლის თაღით მოჩარჩოებაში მოცემული ფრონტალური ფიგურები გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს მინიატურებში გავრცელებულ მოტივთან, სადაც მახარობელთა ფიგურები დეკორატიულ თაღედის მოჩარჩოებშია წარმოდგენილი. შესაძლებელია, რომ სვიფის მოხატულობის "დედანს" სწორედ მინიატურის ერთ-ერთი ნიმუში წარმოადგენდა.

ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[4].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007, გვ. 839
  2. ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, გვ. 109-110
  3. ყენია რ., ალადაშვილი ნ., ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვკლევი, თბ., 2000, გვ. 93
  4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ