სვიმონ მესვეტის სავანე

სვიმონ მესვეტის სავანე — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ რკონის მიდამოებში. კასპიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით, რკონის კომპლექსის სამხრეთ–დასავლეთით, 400 მეტრზე, მთის ფერდობზე.

ეკლესია (5,6X3,8 მ) სამსართულიანია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. პირველი სართულის უმეტესი ნაწილი მიწაშია ჩამჯდარი. ამ სართულის ჩრდილო–აღმოსავლეთ კედლებში ორი პატარა სარკმელია გაჭრილი. სათავსის შუაში წყლის შესაგროვებელი ჭა იყო ამოჭრილი. მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო პატარა სარკმელია, ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში – ბუხარი. დასავლეთ კედელზე მიდგმულია მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართული ცილინდრული კამარითაა გადახურული. იგი სამლოცველოა, რომელსაც აღმოსავლეთით აფსიდი აქვს. ოთხივე კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა.

სამლოცველოს კედლები მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობა გვიანდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდში და დასავლეთ კედელზე. აფსიდში ღვთისმშობლის ნახევარფიგურაა ყრმით ხელში. მის ქვემოთ, მომდევნო რეგისტრში წმინდა მსხვერპლი უნდა იყოს გამოსახული.

სვიმონ მესვეტის სავანეს 2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა[1].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება