სვიანაძეების საცხოვრებელი კომპლექსი
სვიანაძეების საცხოვრებელი კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სვიანა-როსტიანის სამხრეთით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კომპლექსი შედგება ციხე-სახლის, ზურგიანთ კოშკისა და დამხმარე ნაგებობისაგან. ციხე-სახლი გეგმით ტრაპეციულია, სამსართულიანი. ნაგებია ნატეხი ქვით, კედლების ზედა ნაწილი, სართულშუა გადახურვა და სახურავი ჩამოქცეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 9,5 მეტრს აღწევს. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, მასში მოხვედრა მეორე სართულის იატაკში მოწყობილი სწორკუთხა ღიობიდან შეიძლება. პირველი სართულის ჩრდილო-დასავლეთ კედელში ორი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი ჩრდილოთ-დასავლეთ კედელში მიწის დონეზეა გაჭრილი. სამხრეთ-დასავლეთ კედელეში სამი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში კი ოთხი პატარა სწორკუთხა ნიში, მესამე სართული სამეურნეო დანიშნულების უნდა იყოს. აქ სამხრეთ-დასავლეთ კედლის შუა ნაწილში და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში თითო განიერი ოთხკუთხა ღიობია. ციხე-სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე ზურგიანი კოშკია მიდგმული. შემორჩენილია ქვედა, მასიური ნაწილი. კოშკის შემორჩენილ ნაწილზე დაშენებულია მშრალი წყობით ნაგები კვარცხლბეკი, რომელზეც ჯვრისგამოსახულებიანი ქვის ფილა დგას. დამხამარე ნაგებობებისგან მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 310.