საჯინიბოს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯინიბოს სამხრეთ-დასავლეთით, საყდრების ხევში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია (8.5X7,8 მ), შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე (კედლების სისქე 1,5 მეტრია). ნაგებია რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. კუთხეების წყობაში შედარებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე. კარი თაღოვანია. კარს თაღის ნაწილი და სამხრეთ წირთხლი ჩამოშლილი აქვს. კოშკის პირველი სართულის დიდი ნაწილი კედლებიდან ჩამონაშალი ქვებით და მიწითაა ამოვსებული. სართულის აღმოსავლეთით კედლის შუაში ფართო სწორკუთხა სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. დანარჩენი კედლები ყრუა. მეორე სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი, ხოლო აღმოსავლეთით ერთი სწორკუთხა ნიშია. მათგან ჩრდილოეთის ერთ-ერთ ნიშში სარკმელია გაჭრილი. კოშკს ხის კოჭებზე დაყრდნობილი სართულშუა გადახურვა ჰქონია (შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები). კოშკის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა.

ლიტერატურა

რედაქტირება