საცხვრეგორის სამაროვანი

საცხვრეგორის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთში სოფლის სამხრეთით, საცხვრეგორის ჩრდილოეთით, ფერდობზე. განეკუთვნება V-VIII საუკუნეებს. 1963 და 1966 წლებში. სამაროვანზე გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). საცდელ თხრილში 0,5 მეტრ სიღრმეზე, აღმოჩნდა ერთმანეთის პარალელურად და ტერასულად განლაგებული ოთხი ქვისსამარხი დამხრობილი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სამარხები კედლები და სახურავი ნაგებია შირიმისა და ნატეხი ქვის ფილებით. არის როგორც ინდივიდუალრუი, ისე საოჯახო სამარხები, რომელშიც გამოვლენილია ბრინჯაოს საკინძები, საყურეები, შვილდსაკინძი, რკინის საკინძი, სარდიონის საბეჭდავი და სხვა.

საცხვრეგორის დასავლეთ ფერდობზე გაითხარა შემთხვევით აღმოჩენილი XI-XIII საუკუნის ორმოსამარხი, სადაც ესვენა ქრისტიანული წესით დაკრძალული ერთი ჩონჩხი. სამარხეული ნივთები წრმოდგენილია მინის, რკინისა და ბრინჯაოს სამაჯურებით, ბრინჯაოს სამი ბეჭდით. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება