საყდრისყურის ეკლესია

საყდრისყურის ეკლესიაარქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, ტყეში, ორ უსახელო ღელეს შორის. სწორ ადგილას. ეკლესიას ირგვლივ ხელოვნური თხრილი შემოუყვება. ნანგრევების სახით შემორჩენილი ეკლესია ხშირი ბუჩქნარითა და მრავალწლიანი ხეებით იყო დაფარული. ძეგლი 1876-1877 წლებში გაითხარა, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არეშის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. ჭილაშვილი. ხოლო 1981-1984 წლებში მას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, სპეციალური სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ. რეკონსტრუქციის შედეგად ნაგებობამ მიიღო თავდაპირველი და დასრულებული სახე.

ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა. თარიღდება VI საუკუნით. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია კედლის გული შედგენილია მცირე ზომის ქვებით, ღორღით და კირის ხსნარით. შესასვლელების შემორჩენილი თაღები გამოყვანილია ნატეხი ქვითა და თხელი რიყის ქვებით. შენობის გეგმის სწორკუთხედში მოქცეულია სამი სადგომი. რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. საკურთხევლის გვერდებზე დამატებითი ოთახებია–სამკვეთლო და სადიაკვნე. შენობის დასავლეთ ნაწილში, გვერდით ეკლესიებს შორის მოწყობილია დერეფანი, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. ეკლესია დროთა განმავლობაში რამდენჯერმე გადაუკეთებიათ, რამაც მას ნაწილობრივ შეუცვალა თავდაპირველი სახე.

მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთ კარი გარედან თარაზულად ყოფილა გადახურული, ხოლო შიგნიდან კვერცხისებრი ფორმის თაღი ხურავს. მთავარი ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით, რომელიც გრძივი კედლებიდან, ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდს, მღვდელმსახურთა დასაჯდომად, მთელ სიგრძეზე შემოუყვება საფეხური, რომელიც მოგვიანებით საკურთხევლის იატაკის ამაღლების და კანკელის მოწყობის დროს, მიწით დაუფარავთ. კანკელიდან შემორჩენილი იყო კვადრატული აგურით ნაგები ცოკოლის და აგურისავე ნახევარსვეტების ფრაგმენტები. საკურთხეველში ასასვლელად, აღმოსავლის კარის წინ, მოწყობილია ოთხსაფეხურიანი კიბე. მთავარი ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებულია ორ-ორი ორსაფეხურიანი პილასტრით, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. თითო პილასტრი დარბაზის დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათზე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ბოლოში, ერთმანეთის პირდაპირ თითო კარია, რომლებიც საკურთხევლის გვერდით მდებარე სათავსებში გადის. ორივე გეგმით სწორკუთხაა და დასავლეთ კედელში მოწყობილი აქვს კარი, რომლითაც შესაბამის ეკლესია უკავშირდება. მოგვიანებით ჩრდილოეთ სათავსის აღმოსავლეთ ბოლოში აუშენებიათ ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი აფსიდი, რომლის კედელზე მიდგმულია კუბური ტრაპეზი. ჩრდილოეთ ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია კვადრატულ სვეტზე დაყრდნობილი, ორმალიანი, თაღოვანი შესასვლელი, რომელიც შენობის ერთ-ერთი გადაკეთების დროს ამოუშენებიათ. გარდა ამისა, შესასვლელთან ახლოს აუგიათ ტიხარი და ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში პატარა სათავსი მოუწყვიათ. მასში მოხვედრა მხოლოდ შუა ეკლესიიდან იყო შესაძლებელი. სამხრეთ ეკლესიიდან სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი და დასავლეთ კედელია შემორჩენილი. შესასვლელში მას სამხრეთ კედლის შუა ნაწილში ჰქონია. ეკლესიის იატაკი მოლესილია კირის ხსნარით, რომელიც მოგვიანებით სამარხებისთვის ჩაუჭრიათ და აღარ აღუდგენიათ.

ნალესობის შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით ირკვევა რომ ეკლესია მოხატული ყოფილა. ფრაგმენტები არაერთგვაროვანია. ერთ შემთხვევაში ნახატი შესრულებულია გაჯის ნალესობაზე, სხვაგან კირის ხსნარზე. ეკლესია დაბურული ყოფილა ღარისებრი და ბრტყელი კრამიტით. ბრტყელი კრამიტის შემორჩენილი ნაწილები შემკულია რელიეფური ჯვრებით. ღარისებრის კი მარტივი ხაზოვანი და რომბისებრი სახეებით. ეკლესიის დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთ კიდეზე მიდგმულია გეგმით თითქმის კვადრატული ნახევარწრიულაფსიდიანი სამლოცველო, რომლისგანაც გეგმის კონტურიღაა დარჩენილი. ეკლესიის თხრისას ინტერიერში გაიწმინდა სამი სამარხი. მათგან ერთი ჩრდილო- აღმოსავლეთ სათავსში, მეორე ჩრდილოეთ ეკლესიაში – შესასვლელის წინ, ხოლო მესამე დასავლეთიდან მიშენებულ სამლოცველოში. სამკვეთლოში მდებარე სამარხს თითქმის მთელი სათავსი უკავია. ოგო ქვის ბრტყელი ფილებით იყო შედგენილი და ზემოდანაც რამდენიმე ბრტყელი ქვა ეხურა. სამარხი რამდენიმეჯერაა გამოყენებული, რამაც მიცვალებულთა ძვლების არევა გამოიწვია. სამარხის წმენდისას აღმოჩნდა მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები და მოოქრული ვერცხლის მედალიონი – ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულებით. ჩრდილოეთ ეკლესიაში არსებული სამარხიც ქვის ფილებითაა შედგენილი და ქვისავე ფილებით იყო გადახურული. მასში სამარხეული ინვენტარი არ დადასტურებულა. მესამე სამარხი რიყის ქვებით იყო შემოწყობილი, ზემოდან არაფერი არ ეფარა. მასში სავარაუდოდ სამი მიცვალებული იყო დაკრძალული. სამარხში აღმოჩნდა ვერცხლის ორი ფარაკიანი ბეჭედი. მათგან ერთზე ვარდულითა და სიმეტრიულად განლაგებული სამ-სამი წერტილით ჯვარია გამოყვანილი. მეორეზე – გამოსახულია რომბი – წვეროებში პატარა წრეებით. სამარხები სავარაუდოდ, ეკლესიის ფუნქციონირების დროს XI-XII საუკუნეებში უნდა იყოს მოწყობილი ეკლესიის გათხრისას აღმოჩნდა თიხის ჭრაქი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. გათხრებისას მოპოვებულ ნივთიერ მასალაზე დაყრდნობით, ეკლესიამ ფუნქციონირება, მტრის ხელით, XIV საუკუნის ბოლოს ან XV საუკუნის და საწყისში შეწყვიტა. ეკლესიის ირგვლივ შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, ათიოდე მეტრის მანძილზე გაითხარა მოზრდილი ზომის ქვებითა და კირის ხსნარით ნაგები, დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე დამხრობილი ოთხკუთხა ნაგებობის ნანგრევები ნაგებობის შიგნით, ჩრდილოეთ კედელზე მიდგმული იყო მიწით ამოვსებული ქვევრი. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე, აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი VII-VIII საუკუნეების ქურა, რომლისგანაც შემორჩენილი იყო საცეცხლე და ჭურჭლის გამოსაწვავი განყოფილებების ნაწილები. დადასტურდა თიხის ძლიერ დამწვარი, თითქმის კვადრატული ფორმის, კუთხეებმომრგვალებული, ბრტყელი აგურები, რომლებიც ჭურჭლის გამოსაწვავი განყოფილების კამაროვანი გადახურვის ნაწილს შეადგენდნენ. აგურების ზედაპირს ორ-ორი დიაგონალური, ამოღარული ზოლი მოუყვება. საცეცხლე განყოფილება თიხნარ ნიადაგში იყო ამოჭრილი. ამ ნაწილში დადასტურდა მაცრის სქელი ფენა. ჭურჭლის გამოსაწვავ ნაწილში აღმოჩნდა სქელკედლიანი თიხის ჭურჭლის მრავალი ფრაგმენტი, მათ შორის საშუალო ზომის ქვევრების ძირები. შესაძლოა, ქურა ქვევრების გამოსაწვავი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება